ლელა გაფრინდაშვილს მიაჩნდა, რომ საზმაუს ანაზღაურებას კვლევის გამო იღებდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრის, ლელა გაფრინდაშვილის თქმით, მას მიაჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჰონორარს კვლევითი საქმიანობის გამო იღებდა.

აუდიტის სამსახური კი მიუთითებს, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი ანაზღაურებას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ 5 თვის განმავლობაში იღებდა.

ლელა გაფრინდაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ყოფნისას მხარს უჭერდა იდეას, რომ შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭოები რეგიონების მიხედვით, რაც საბჭოს საშუალებას მისცემდა, ყველა რეგიონში ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი. ეს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდნენ და რეგიონებში მცხოვრებთა შეხედულებებს გააცნობდნენ სამეთვალყურეო საბჭოს.

გაფრინდაშვილის თქმით, საბჭოების შექმნის იდეა მიაწოდა საბჭოს წევრებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ აინტერესებდათ მასთან თანამშრომლობა.

“მე რომ შემიწყდა კომპეტენცია, ბუნებრივია, აღარც მიფიქრია, გამეგრძელებინა სამუშაო. მაგრამ მაისის თვეში თანხა ჩამერიცხა და ვიფიქრე, რომ ეტყობა, გადაწყვეტილება მიიღეს. გავაგრძელე მუშაობა ჩვეულებრივად,” – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, ზაფხულის ბოლოს პერიოდულად ხვდებოდა ექსპერტებს, სექტემბერსა და ოქტომბერში კი ესაუბრა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კვლევაში თავი მოუყარა დასავლეთის, პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებას საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის თაობაზე. ასევე, ჩაატარა კვლევარეგიონებში.

ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ელოდებოდა, როდის დაუკავშირდებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კვლევის წარსადგენად, თუმცა, უშედეგოდ. მოგვიანებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, რომ ბუღალტრული შეცდომის გამო აუდიტის სამსახურს მასთან კითხვები ჰქონდა.

გაფრინდაშვილის თქმით, იგი შეხვდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს, ასევე აჩვენა მის მიერ შესრულებული კვლევა და ახსნა–განმარტებაც დატოვა, შეხვდა საბჭოს წევრ მარინა მუსხელიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ საკითხი გაარკვიეს და საბჭო მოუსმენდა მის მოსაზრებას  საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის თაობაზე.

“ეს არის კომპრომატების შექმნის ისტორია. ვიღაცამ ჩათვალა, შეიძლება, რომ ამ ფულს ავიღებდი და არაფერს არ გავაკეთებდი. წარმოგიდგენიათ, რომ ორგანიზაციამ ან ადამიანმა 4 თვის განმავლობაში ჩაურიცხოს თანხა ვიღაცას შეცდომით?! შეცდომა შეიძლება მოგივიდეს 1 თვის განმავლობაში, მაგრამ შეცდომა 4 თვის განმავლობაში არ არსებობს”, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

აუდიტის სამსახურის ანგარიში მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, რომელმაც შეისწავლა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შესაბამისობა.

ლელა გაფრინდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2013 წლის 27 დეკემბერს პარლამენტმა აირჩია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com