რევოლუციის ქუჩის ქალები. ფოტო: My Stealthy Freedom

ირანში ჰიჯაბის იძულებით ტარების კანონის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

გასული წლის მიწურულს ირანში დაწყებული დემონსტრაციები ჩაცხრა, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი პარტიზანულმა პროტესტმა მოიცვა. ამჯერად წინააღმდეგობის მოთავეები მეტწილად, ქალები არიან, რომლებიც ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს აპროტესტებენ. ისლამური რევოლუციის შემდეგ დადგენილი შეზღუდვის გასაპროტესტებლად ისინი თავსაბურავებს დემონსტრაციულად იხდიან, შემაღლებულ ადგილას დგებიან და ჯოხზე აცვამენ.

კამპანიის მონაწილე ქალები. ფოტო: კამპანიის "ჩემი ფარული თავისუფლება" ფეისბუქ გვერდი.

კამპანიის მონაწილე ქალები. ფოტო: კამპანიის “ჩემი ფარული თავისუფლება” ფეისბუქ გვერდი.

კამპანია 1 თვის წინ დაწყებული აქციების მონაწილის იდენტურ ქმედებას მოჰყვა – 31 წლის ვიდა მოჰავედმა თეირანში, რევოლუციის ქუჩაზე თავისი ჰიჯაბი ჯოხზე წამოაცვა, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, ქალი ციხიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში მოჰავედი ირანის დემონსტრაციების სიმბოლოდ იქცა. ირანსა და სხვა ქვეყნებში ადამიანები მისი პროტესტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აზიარებდნენ და აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებდნენ.

ვიდა მოჰავედი საპროტესტო აქციაზე. ფოტო: My Stealthy Freedom

ვიდა მოჰავედი საპროტესტო აქციაზე. ფოტო: კამპანიის “ჩემი ფარული თავისუფლება” ფეისბუქ გვერდი.

ბოლო რამდენიმე დღეში მოჰავედს ათასობით ქალმა მიბაძა. ჰიჯაბმოხდილთა ფოტოები “ფეისბუქზე”, “ტვიტერსა” და ირანში მეტად პოპულარულ ტელეგრამზე ინტენსიურად ვრცელდება.  კამპანიას სიმბოლურად შეარქვეს “ქალები რევოლუციის ქუჩიდან”.

ბოლო წლების მანძილზე ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოძრაობის სულისჩამდგმელად სამოქალაქო აქტივისტი მასიჰ ალინეჯადი მიიჩნევა. მან 2014 წელს დაიწყო ონლაინ-კამპანია, სახელწოდებით “ჩემი ფარული თავისუფლება”, რომლის ფარგლებშიც ასევე ჰიჯაბმოხდილი ქალების ფოტოები ვრცელდებოდა. ამჟამად კამპანიის ფეისბუქ გვერდს მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ დაწყებული კამპანიის ამსახველი მასალაც მეტწილად ამ გვერდზე ვრცლდება.

"ახლა თეთრ დროშებს მამაკაცები აფრიალებენ და ქალების პროტესტს უერთდებიან" - წერია კამპანიის "ჩემი ფარული თავისუფლება" ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს აღწერაში.

“ახლა თეთრ დროშებს მამაკაცები აფრიალებენ და ქალების პროტესტს უერთდებიან” – წერია კამპანიის “ჩემი ფარული თავისუფლება” ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს აღწერაში.

ასევე ალინეჯადის თაოსნობით გასულ წელს დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს კამპანია “თეთრი ორშაბათი”. კამპანიაში მონაწილე ქალები ორშაბათობით თეთრ ჰიჯაბებს ატარებენ, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად იხდიან მათ.

გასული წლის მიწურულს თეირანის პოლიციამ ბოლო ათწლეულების მანძილზე დადგენილი შეზღუდვა მცირედით შეამსუბუქა და განაცხადა, რომ ქალები ჰიჯაბის მოხსნის ან მისი არასწორად ტარების გამო ციხის ნაცვლად ჯარიმით დაისჯებოდნენ. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, ბოლო დღეებში დაწყებული კამპანიის რამდენიმე მონაწილე თავსაბურავის მოხდისთვის კვლავ დააკავეს.

კანონი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ 1979 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული აიათოლა ხომეინის მმართველობისას მიიღეს. იმავე წელს თეირანის ქუჩებში კანონის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, თუმცა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერის” გვერდზე ირანელი ზაჰრა საფიარი ასე გამოეხმაურა:

“მე ავირჩიე, მეტარებინა ჰიჯაბი, ეს არ დაუძალებიათ ოჯახსა და საზოგადოებას და არც სამსახურის მოთხოვნას წარმოადგენს. მე ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით, თუმცა ვეწინააღმდეგები ჰიჯაბის ტარებას ძალდატანებით და ამიტომაც ვუერთდები ქალებს რევოლუციის ქუჩიდან. რელიგია და ჰიჯაბი სავალდებულო არ უნდა იყოს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან