ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო. სებ-ის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის პირველი თვეების განმავლობაში შემცირდება და წლის განმავლობაში საშუალოდ მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. 2018 წელს წლიური მიზნობრივი ინფლაცია 3% იქნება.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ 2017 წლის ბოლოს  ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას.

“ბოლო პერიოდში ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს გამყარების ტენდენცია აქვს. თუმცა წინა პერიოდის გაუფასურების გავლენა ინფლაციაზე ჯერ სრულად არ ამოწურულა,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7% შეადგინა, რომელშიც მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ფაქტორების გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 2.9% იყო. აღნიშნული ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალების შემდეგ, ეროვნული ბანკი 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაციის შემცირდებას ელოდება.

“2018 წელს ინფლაციაზე გავლენას მოახდენს ეგზოგენური  ფაქტორები: კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელზე აისახება იანვრიდან ადმინისტრირებული ფასების (ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების) ზრდა, რომლის გავლენა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტია. საერთაშორისო ბაზრებზე 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ნავთობის ფასების მატება 2018 წელსაც გაგრძელდა და მისი წვლილი წლიური ინფლაციის მაჩვენებელში, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 0.5% იქნება,”-წერია სებ-ის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 14 მარტს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.