ახალი ამბები

შეკითხვები მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით – რეპორტაჟი სოფელ ჭელადან (ფოტო)

28 აგვისტო, 2013 • • 2264
შეკითხვები მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით – რეპორტაჟი სოფელ ჭელადან (ფოტო)

სოფელი ჭელა

სოფელი ჭელა ახალციხიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მდინარე ქვაბლიანის სანაპიროზე, ტყის პირას გაშენებულ პატარა სოფელში სულ 40 კომლი ცხოვრობს – დაახლოებით 25 კომლი მუსლიმია, ხოლო 15 მართლმადიდებელი. სოფლამდე მისასვლელ გზაზე, რომელსაც მოდერნიზაციის კვალი ჯერ არ შეხებია, რამდენიმე ჯვარია აღმართული. მეჩეთი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში დეკლარირებული მულტიკულტურალიზმის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად იქცა, სოფლის დასაწყისში მდებარეობს, ხოლო მეჩეთიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.

მუსლიმების და მართლმადიდებლების თანაცხოვრება ჭელაში

ჭელას მოსახლეობა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სოფელში რელიგიურ ნიადაგზე მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა.

 

“ჩვენ ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდა. ეკლესიის მშენებლობაში მათ ჩვენც ვეხმარებოდით, მანქანებით საშენი მასალები მოგვქონდა და ასე შემდეგ. ლხინი იყო თუ ჭირი, ერთად ვიყავით, თუ ვინმეს რამეში დახმარება დასჭირდებოდა, გვერდში ვუდეგით, განურჩევლად იმისა ქრისტიანი იყო თუ მუსლიმი”, – ამბობს ოთარ ირემაძე, სოფლის მუსლიმი მკვიდრი, რომელმაც არ იცის როგორ გაგრძელდება სოფელში ცხოვრება მას შემდეგ, რაც მეჩეთს მინარეთი მოანგრირეს. ეს ინტერვიუ “ნეტგაზეთმა” 27 აგვისტოს, ჭელაში ჩაწერა.

 

“დიახ ნამდვილად ასეა. თავისი მანქანებით მოჰქონდათ ქვაც და სხვა მასალებიც [ეკლესისის მშენებლობისთვის]. ძმებივით ვიყავით. ჩვენ შორის ცხოვრებაში არაფერი დაპირისპირება არ მომხდარა, გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა”, – ამბობს სოფლის მკვიდრი ზურაბ ნატრიაშვილი, რომელიც თავს მართლმადიდებელ თემს მიაკუთვნებს.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, როგორია მისი პოზიცია მეჩეთიდან მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით, ნატრიაშვილი, რომლის სახლიც ზემოხსენებული მეჩეთიდან მაქსიმუმ 200–300 მეტრის მოშორებით მდებარეობს, ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ არც გაუგია:

 

“არ ვიცი აქ არც ამოდის ხმა, შორს არის იქიდან”.

 

კითხვას არის თუ არა იგი სოლიდარული მინარეთის საკითხში მუსლიმი მოსახლეობისადმი, არსებული კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნატრიაშვილი ასე პასუხობს:

 

“მე რა ვთქვა, თუ არავის ხელს არ შეუშლის, რატომ არ უნდა იყოს?! იყოს. მინარეთი იქ უბრალოდ იდგა და არაფერი ხელის შეშლა ჩემთვის არ ყოფილა. რას წარმოადგენს მინარეთი ესეც არ ვიცი”, – აცხადებს იგი.

 

მინარეთი მეჩეთზე

მუსლიმები აცხადებენ, რომ ჭელაში ყველაფერი ორიოდე თვის წინ შეიცვალა, როდესაც მეჩეთს თურქეთიდან შემოტანილი მინარეთი მიამაგრეს. ისინი აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანმა, რომელთაგან ერთ–ერთი ბერდია ქაფიანიძე ეკლესიის მშენებლობას კურირებს, (მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის ვაჟი) ჭელასა და ადიგენის რაიონის სხვა სოფლებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ზემოხსენებული მინარეთის დემონტაჟის მიზნით. ერთ–ერთი მუსლიმი დავით ჩოგაძე, რომლის კუთვნილ ტერიტორიაზეც სოფელში მეჩეთი აშენდა, აცხადებს, რომ საუბარია ამ საქმეში რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირის მონაწილეობის შესახებაც, თუმცა “გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია”. ზურაბ ნატრიაშვილი აღნიშნავს, რომ განცხადებას, რომელზეც ხელმოწერები გროვდებოდა, ხელი მანაც მოაწერა, თუმცა ტექსტში საუბარი არ ყოფილა მინარეთის დემონტაჟზე:

“ტექსტში არაფერი ყოფილა მინარეთის მონგრევაზე, იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ლოცვები ხმამაღალ ხმაზე არ ყოფილიყო”, – აცხადებს ნატრიაშვილი.

ჭელას მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მართლმადიდებელი თანასოფლელებისაგან ჯერჯერობით საკმარის სოლიდარობას ვერ გრძნობენ. ოთარ ირემაძე და ჯაბა ჯიმშერაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, რომ სოფელში სიმშვიდეა, თუმცა თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, მუსლიმების ნაწილმა ადიგენის რაიონი მიატოვოს და საცხოვებლად აჭარაში გადავიდეს.

“თუ ყველაფერი ასე გაგრძელდაში იგულისხმება მაგალითად ის, თუ მინარეთს არ დააბრუნებენ”, – ამბობს ჯიმშერაძე.

 

მუსლიმების თქმით, 9 000 დოლარად შეფასებული მინარეთის ყიდვისათვის საჭირო თანხა თვითონ შეაგროვეს და ამისთვის უკანასკნელი დანაზოგები დახარჯეს.

ადიგენის რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილება

მინარეთის საკითხზე დადგენილება ადიგენის საკრებულომ გამოიტანა იმ მოტივით, რომ მუსლიმებს მეჩეთზე მინარეთის მიშენების იურიდიული ნებართვა არ ჰქონდათ, თუმცა მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურმა განახორციელა და არა ადგილობრივმა გამგეობამ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, “ნეტგაზეთთან”აცხადებს, რომ საკრებულომ ზემოხსენებული მინარეთის საკითხზე დადგენილება 15 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, საკრებულომ დაადგინა, რომ მინარეთის მშენებლობა უკანონო იყო, რადგან მუსლიმებმა შესაბამისი იურიდიული პროცედურა არ გაიარეს და მუნიციპალიტეტის საქმის კურსში არ ჩააყენეს.

“საკრებულომ არა დემონტაჟზე, არამედ უკანონო მშენებლობაზე გამოიტანა დადგენილება. ჩვენმა ინფრასტრუქტურის სამსახურმა შეისწავლა ეს საკითხი და დაადგინა, რომ იყო უკანონო მშენებლობა. დადგენილებაში ეწერა, რომ მშენებლობა არის უკანონო და ექვემდებარება დემონტაჟს. ამის შემდეგ ჩვენ ვაცნობეთ იმ პიროვნებას [დავით ჩოგაძე] ვის ტერიტორიაზეც იყო განლაგებული ეს მეჩეთი და მინარეთი. იმას ჰქონდა 15–დღიანი ვადა და შეეძლო სასამართლოში შეეტანა სარჩელი, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას არ დაეთანხემბოდა და თავისი ხელით არ განახორციელებდა დემონტაჟს”, – აცხადებს ენდელაძე და დასძენს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტს მინარეთის დემონტაჟთან, რამაც მუსლიმების პროტესტი გამოიწვია, არავითარი შეხება არ ჰქონია.

“როგორ მივიღებდით ჩვენ მონაწილეობას? ეგ გააკეთა შემოსავლების სამსახურმა, ჩვენ მონაიწლეობას ვერც მივიღებდით. ჩვენ უფლება არც გვქონდა, რომ ჩავრეოდით. ჩვენ მუსლიმებს შევატყობინეთ, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა და ექვამდებარება დემონტაჟს. ამის შემდეგ იმ პიროვნებას, ვის ტერიტორიაზეც მდებარეობს მინარეთი, ან სასამართლოში უნდა შეეტანა სარჩელი ან თვითონ გაეკეთებინა დემონტაჟი. 15 დღე ჰქონდა ამისათვის”.

 

ენდელაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მუსლიმები საკრებულოს დადგენილებას დაემორჩილებოდნენ და მინარეთის დემონტაჟს თვითონვე განახორციელებდნენ, მათ შეეძლოთ დემონტაჟის შემდეგ თავიდან შეეტანათ საკრებულოში განაცხადი იმის შესახებ, რომ მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ და ადიგენის სათათბირო ორგანო ამ საკითხზე იმსჯელებდა:

 

“დემონტაჟის გარეშე ვერანაირად ვერ დააკანონებდნენ. თავიდან უნდა დაეწყოთ საქმის წარმოება დოკუმენტების შექმნა, მაგრამ თუ დემონტაჟი არ განხორციელდებოდა, ისე ვერანაირად ვერ დაიწყებდნენ დაკანონების პროცესს. თუ დოკუმენტაციას შექმნიდნენ და შემოიტანდნენ ჩვენთან, საკრებულოს სხდომაზე ვიმსჯელებდით, ინფრასტრუქტურის სამსახური იმსჯელებდა ამ საკითხზე და კანონით დადგენილ 2 თვის ვადაში გადაწყვეტილებასაც მივიღებდით”.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო ადიგენის საკრებულომ მინარეთის მშენებლობის კანონიერების დადგენა, ენდელაძე პასუხობს, რომ პოლიციის, რომელსაც თავის მხრივ, მოქალაქეებმა მიმართეს საჩივრით.

 

ვინ განახორციელა მინარეთის დემონტაჟი?

 

როგორც გაირკვა, მინარეთის დემონტაჟი არა ადიგენის მუნიციპალიტეტმა, არამედ შემოსავლების სამსახურმა განახორციელა, თუმცა არა უნებართვო მშნებლობის, არამედ სულ სხვა მოტივით. შემოსავლების სამსახური ეჭვობს, რომ შესაძლოა, მინარეთის თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში საბაჟო პროცედურები დაირღვა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა.

 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საბაჟო სამსახურმა მინარეთის დემონტაჟის გამო  კანონი დაარღვია, რადგან თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა:

 

“საბაჟო სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მინარეთის დემონტაჟი და მისი ტრანსპორტირება განპირობებული იყო მისი შემომტანის მიერ საბაჟო პროცედურების დარღვევით. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ 3 ტიპის რეაგირების: დოკუმენტაციების გაცნობა, მეორე, ახნა–განმარტება წერილობით ან ზეპირი სახით და მესამე, ეს არის საქონლის დათვალიერება ასევე მისგან სინჯისა და ნიმუშის აღება. ბუნებრივია მინარეთის დემონტაჟის განხორციელება არც ერთ მათგანში არ ჯდება, რადგანაც უკვე აშენებული კონსტრუქცია აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელ საგანს, ის არის მყარად დაკავშირებული უძრავ ნივთთან და მსგავსი უფლებამოსილება საბაჟო სამსახურს არ გააჩნდა. ეს იგივე იქნებოდა სახელმწიფოს რომ ეთქვა, მაგალითად რომელიმე სამშენებლო მასალა, ფოლადის არმატურა უკანონოდ არის განბაჟებულიო და იმ მოტივით, რომ ამოეღო და დაეთვალა თუ რა რაოდენობის ფოლადი იყო უკანონოდ განბაჟებული, დაენგრია რომელიმე შენობა. ეს იყო საკუთრების უფლების დარღვევა”, – ამბობს მშვენიერაძე, რომელიც  27 აგვისტოს ადიგენის რაიონსა და ახალციხეში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე სწავლობდა.

“ნეტგაზეთმა” შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა კითხვებით, როდის დაეჭვდა უწყება, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში შესაძლოა, რაიმე სახის დარღვევა ყოფილიყო, რადგან მინარეთი საქართველოში ორი თვის წინ შემოიტანეს, თუმცა მისი დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა და მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის ღონისძიებები საბაჟოს იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც მინარეთის სხვა კოდით ქვეყანაში შემოტანა დაუშვეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ შეკითხვებს სავარაუდოდ, ხვალ უპასუხებენ, რადგან დღეს მარიამობის დღესასწაულის გამო ინფორმაციის მოძიება გაჭირდება.

 

ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ არაფერი იციან იმის შესახებ, თუ რა კანონი დაარღვიეს მინარეთის განბაჟებისას. მათი თქმით, საქართველოში ათეულობით მინარეთია მეჩეთებზე განთავსებული და სალოცავზე აღნიშნული კონსტრუქციის მონტაჟისას სწორედ იმ პრინციპით იხელმძღვანელეს, რა პრინციპითაც სხვა მუსლიმებმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ადიგენელი მუსლიმები მიიჩნევენ, რომ მინარეთის დემონტაჟის საფუძველი ის ხელმოწერები გახდა, რომელიც რაიონის მასშტაბით შეგროვდა და პოლიციაში შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ მუსლიმ თემს შეუძლია მინარეთის დემონტაჟის გამო საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს მიმართოს:

 

“ამ შემთხვევაში არჩევანი სწორედ მუსლიმ თემზეა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რა გზას დაადგებიან, მუსლიმმა თემმა თავად უნდა აირჩიოს, რა გზას მიმართავს საკუთარი უფლებების დასაცავად. ბუნებრივია, მათ შეუძლიათ მიმართონ როგორც სასამართლოს, ასევე საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაყების მოთხოვნით, იმიტომ, რომ მათ რელიგიურ და ქონებრივ უფლებებს ზიანი მიადგა საბაჟო დეპარტამენტის მოხელეთა უკანონო ქცევის შედეგად”.

კითხვები ადიგენის გამგებლის დაკავების გარშემო

 

მინარეთის დემონტაჟიდან ცოტა ხანში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს , რომელიც თანამდებობაზე ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო დანიშნული და ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა, ასევე უფლაბამოსილების ბოროტად გამოყენება დასდეს. ჭელაში მცხოვრები მუსლიმები აცხადებენ, რომ მათთვის გაურკვეველია, თუ რატომ დააკავეს გამგებელი მაინცდამაინც ახლა. მუსლიმების ნაწილის თქმით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, პარუნაშვილი “მთელი ღამის განმავლობაში მუსლიმებთან ერთად იმყოფებოდა ახალციხის პოლიციის შენობასთან და დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა”.

 

გამგებლის დაკავება აეჭვებს გიორგი მშვენიერაძესაც:

 

“ამაზე უკეთესი არაფერია მე მგონი, რომ მკითხველს მივცეთ ინფორმაცია ორი ფაქტის შესახებ. პირველი ფაქტი, მას შემდეგ, რაც საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში ანუ გამგებელმა, პიროვნული წინააღმდეგობა გაუწია აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რასაც ადგილობრივი მუსლიმები ადასტურებენ და მათ უთხრა, რომ უახლოესი 15 დღის მანძილზე მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანოები არ შეეხებოდნენ და არ განახორციელბდნენ ხსენებული მინარეთის დემონტაჟს და ეს იქნებოდა ვადა იმისთვის, რომ მათ მოეკრიბათ სათანადო დოკუმენტაცია და შეეტანათ ადმინისტრაციულ ორგანოებში სამშენებლო ნებართვის მოპოვები საკითხზე. ანუ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟზე, თუმცა გამგებელი არ ახდენდა აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და ცდილობდა კანონთან შესაბამისობაში მოსულიყო აღნიშნული მშენებლობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამგებელი აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა მუსლიმ მოსახლეობას, რომლებიც ამ პროცესების შედეგად დაზარალდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც ის იმყოფებოდა აქციაზე ამ ადამაინებთან ერთად, მოხდა მისი დაკავება სავარაუდოდ, ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც დაკვალიფიცირებულია, მათ შორის სამსახურეობრივი გულგრილობით. ჩემთვის ამ ორი ფაქტის გვერდიგვერდ დაყენება გარკვეულ ეჭვებს აღძრავს”, – აცხადებს იგი.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კი აღნიშნულ ეჭვებს უარყოფს და აცხადებს, რომ ადიგენის გამგებელს, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ორი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ კომპანიას მიანიჭა უპირატესობა, რაც, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაა.

გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას მუსლიმების დაკავებიც პროცესში?

 

მინარეთის დემონტაჟისას დაკავებული 9 მუსლიმი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ჭელას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ზოგიერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი აღენიშნება, ხოლო ერთ–ერთ არასრულწლოვან მუსლიმს, ბადრი ჩიგოძეს ხელი აქვს ნაღრძობი. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ 26 აგვისტოს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ჯერ ავტომატის კონდახი ურტყეს, ხოლო შემდეგ დააპატიმრეს. შსს მოსახლეობისთვის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს არ ადასტურებს.

 

ბადრი ჩიგოძე
ბადრი ჩიგოძე

“ნეტგაზეთმა” შსს–ს მიმართა კითხვებით, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის შიდა გამოძიება მუსლიმი მომიტინგეების დაკავების დროს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, ასევე, შეესაბამება თუ არა ადიგენელბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცოპერაციაში ათეულობით ჯიპი და ვერტმფრენიც მონაწილეობდა, თუმცა უწყების პრესსამსახურში მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლნენ:

“პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში”.

მშენებარე ეკლესიაში ჭელაში
მშენებარე ეკლესიაში ჭელაში

მშენებარე ეკლესია ჭელაში
მშენებარე ეკლესია ჭელაში

ადგილი საიდანაც მინარეთის დემონტაჟი მოხდა სოფელ ჭელაში
ადგილი საიდანაც მინარეთის დემონტაჟი მოხდა სოფელ ჭელაში

მეჩეთი ჭელაში
მეჩეთი ჭელაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი