ახალი ამბები

მაჭავარიანი: ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მერაბიშვილის ოჯახი

17 ივნისი, 2013 • • 1842
მაჭავარიანი:  ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მერაბიშვილის ოჯახი

მაჭავარიანი და მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებენ, რომ #9 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მერაბიშვილს არ აძლევს მინდობილობას, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას მისი ოჯახის წევრებს, განეკარგათ ექს–პრემიერის საბანკო ანგარიშები, რომელზეც მას აქვს დეკლარირებული თანხა. 

“ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მერაბიშვილის ოჯახი”, – ამბობს მაჭავარიანი და დასძენს, რომ მერაბიშვილის მეგობრები მის ოჯახს დაეხმარებიან და ასეთ მდგომარეობაში არ დატოვებენ.

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

ექს–პრემიერის მიერ 2012 წლის 5 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მერაბიშვილს “თი–ბი–სი ბანკში” გახსნილ ანგარიშზე 81875.10 ლარი ერიცხებოდა, საქართველოს ბანკში – 30948.44 აშშ დოლარი, საქართველოს ბანკის მეორე სახელფასო ანგარიშზე – 97992.53 ლარი, თი–ბი–სი ბანკის ერთ–ერთ ანგარიშზე – 3.76 დოლარი, რესპუბლიკა ბანკის ანგარიშზე – 8299.27 ლარი.


ექს–პრემიერის მეუღლე თამარ მერაბიშვილი “თი–ბი–სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 16.40 ევროს ფლობდა, ,,საქართველოს ბანკის” ანგარიშზე -60.63 ევროს, ,,საქართველოს ბანკის” ერთ–ერთ ანგარიშზე –  3001.24 ლარი, ,,თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე –  7418.27 ლარი, ხოლო ,,თი–ბი–სი ბანკის” ერთ–ერთ ანგარიშზე – 282.92 დოლარი.


აღნიშნულ პერიოდში მერაბიშვილს დეკლარაცია შს მინისტრის რანგში აქვს შევსებული.


როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილი 21 მაისს დააპატიმრეს. პროკურატურა ამბობს, რომ ამ დღეს მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 33 100 დოლარი, 29 000 ლარი და 54 200 ევრო ამოიღეს.


“ნეტგაზეთთან” საუბარში პროკურტურაში აცხადებენ, რომ ეს თანხა მერაბიშვილის ოჯახს ამ დრომდე არ დაბრუნებია. თანხა ექს–პრემიერის საქმეში ნივთმტკიცების სახით არის ჩადებული.


“თუ დადასტურდება, რომ ეს თანხა რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას არ უკავშირდება, გამოძიების დასრულების შემდეგ ის მას დაუბრუნდება”, – ამბობენ პროკურატურაში.



დღეს მერაბიშვილმა ზემოხსენებული მინდობილობის საკითხის მოგვარების და საკანში ტელევიზორის დადგმის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი