კულტურული ძეგლი, ყოფილი კინოპავილიონის შენობა იყიდება

ყოფილი კინოპავილიონის შენობა, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, #164 ნომერში მდებარეობს, იყიდება. კინოპავილიონის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ის საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) მფლობელობაშია.

GRDC დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის პრეზიდენტია მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასევე არის “თი ბი სი” ბანკის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. GRDC-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძე GRDC-ის დამფუძნებელი და მთავარი ინვესტორია.

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანამ (GRDC) ყოფილი კინოპავილიონის შენობა 2006-07 წლებში შეიძინა. კინოპავილიონის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და, შესაბამისად, მისი დემონტაჟი და რადიკალური რეკონსტრუქცია არ შეიძლება. კომპანია აცხადებს, რომ შენობის განვითარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ 2008 წლის მოვლენებმა ეს პროცესი შეაფერხა.

კომპანიის განცხადებაში საუბარია იმ მიზეზების შესახებაც, თუ რატომ გადაწყვიტეს ყოფილი კინოპავილიონის შენობის გასხვისება. მათი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს კოხტა-მიტარბის ოთხსეზონიანი მთის კურორტის განვითარებაზე, სადაც მათი თქმით, 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს; კომპანია ასევე მუშაობს რამდენიმე სასტურმოსა და სავაჭრო ცენტრის განვითარების პროექტზე, შესაბამისად:

“გვიწევს პრიორიტეტების გადახედვა და რიგ შემთხვევაში აქტივების პორტფელის ოპტიმიზაცია. გვესმის რა აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელობა იქ განხორციელებული მასშტაბური სარეაბლიტაციო პროგრამის ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეძია პოტენციური ინვესტორი, რომელიც უფლო მოკლე ვადებში შეძლებდა კინოპავილიონის ტერიტორიისთვის ახალი საინტერესო კონცეფციის შექმნას და განხორციელებას. ამ მიზნით მივმართეთ მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში წამყვან საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიას „კოლიერს“ და მოხარული ვართ, რომ რამდენიმე  ფრიად საინტერესო წინადადებაც მივიღეთ.

„ჯიარდისი“ აბსოლუტურად უბლებამოსულია მიიღოს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყიდვაზე თავისუფალი გადაწყვეტილება, განსაკუთრების მაშინ, როდესაც საუბარია ქალაქისთვის საინტერესო ახალი სივრცეების შექმნაზე კონკრეტული ობიექტის და გარემოს ისტორიულ-კულტურული სპეციფიკის სრული გათვალისწინებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

კინოსტუდიის შენობა  1927-30 წლებში არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ ააგო. ის გამოირჩეოდა უნიკალური “დიდი პავილიონით” – რომელშიც გასული საუკუნის 20–იანი წლების ქართული ფილმებია გადაღებული. აღნიშნული შენობის გაყიდვის შესახებ საჯარო დისკუსია 2012 წელს მიმდინარეობდა.

ძველი კინოსტუდიის შენობა, ფოტო ეკუთვნის ს/ს „ქართული ფილმს“

ძველი კინოსტუდიის შენობა, ფოტო ეკუთვნის ს/ს „ქართული ფილმს“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com