კინოხელოვნება

გაიყიდება თუ არა ძველი კინოსტუდიის შენობა

28 ივნისი, 2012 • • 5645
გაიყიდება თუ არა ძველი კინოსტუდიის შენობა

აპირებს თუ არა მართლაც სახელმწიფო   “ძველი კინოსტუდიის” ტერიტორიის პრივატიზებას?  

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “ძველი კინოსტუდიის”  შენობის  24208, 97 კვ.მ -ს “ქართული ფილმის განვითარები ფონდი” ფლობს, რომლის თანხმობის გარეშე სახელმწოფო ფართის პრივატიზებას ვერ მოახდენს.  

“ქართული ფილმის განვითარების ფონდის” ყოფილი წევრისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების პრეზიდენტის, გაგა ჩხეიძის განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრა”   “ქართული ფილმის განვითარების  ფონდს”  მის მფლობელობაში არსებული 24208, 97 კვ.მ ფართის გაცვლა დიღმის მასივში არსებული “ქართული ფილმის” აქციების გადაცემაში შესთავაზა.

გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ “ქართული ფილმის განვითარების ფონდის” გამგეობის სხდომაზე ფონდის თავჯდომარემ არჩილ მენაღარაშვილმა  განაცხადა, რომ “აქვს ბრწყინვალე იდეა, ფონდის საკუთრება გადასცენ შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრს”, ანუ სახელწიფოს, რის სანაცვლოდაც, ფონდი მიიღებს დიღმის კინოსტუდიის აქციებს.”

“ქართული ფილმის განვითარების ფონდის” გამგეობა, წესდების თანახმადმ 6 წევრისაგან შედგება, აქედან ფონდს 3 წევრი წარმოადგენს,  ხოლო დარჩენილი წევრები სახელწიფოს წარმომდგენლები არიან.

იმ დროისათვის, როცა “ქართული ფილმის, განვითარების ფონდის”  გამგეობის სხდომა მოეწყო, გამგეობაში შედიოდნენ რეჟისორები: ქეთი დოლიძე, ნანა ჯორჯაძე, დავით ნაცვლიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძე, კინოკომისიის პროექტის მენეჯერი კოტე ჩლაიძე და ქართული ფილმის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მენაღარიშვილი.

სხდომას, რომელზეც ფონდის ფართის დიღმის ტერიტორიაში გაცვლის იდეა განიხილეს, გამგეობის წევრები არასრული რაოდენობით ესწრებოდნენ.

რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც 18 მაისს ფონდის გამგეობის წევრობის სტატუსი შეუწყდა, ამბობს, რომ უკანასკნელი 7 წლის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით, არაერთხელ მომხდარა ფართის პრივატიზების შეთავაზება, თუმცა გამგეობის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

“კულტურის სამინისტრომ, კერძოდ კი, კულტურის მინისტრის მოადგილემ დავით ცხადაძემ, არჩილ მენაღარაშვილის საშუალებით გაგვიკეთა შემოთავაზება. იგი მთელი სხდომის მანძილზე რეკავდა, მოვაწერე თუ არა ხელი გადაწყვეტილების საბუთს, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, მეც და ნანა ჯორჯაძეც პრივატიზაციის კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ. ამ ყველაფერს დაემთხვა ისიც, რომ ნანა საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში,” – განმარტავს “ნეტგაზეთთან” საუბარში ქეთი დოლიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფართის პრივატიზების გეგმას  ხელი არ მოაწერა, ის გამგეობის შემადგენლობიდან გაიყვანეს. გამგეობაში ის რეჟისორმა  ოთარ ლითანიშვილმა ჩაანაცვლა,   რომელმაც  კულტურის სამინისტროს შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოაწერა.

აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრის 18 მაისის განცხადებითაც დასტურდება.

“ვადასტურებ, რომ მე ქეთის მაგივრად ჩამსვეს. მოვიდნენ, შემომთავზეს და მე დავეთანხმე, რადგან ვიზიარებდი შემოთავაზებას. ვადასტურებ იმასაც, რომ მე მოვაწერე ხელი ამ გაცვლის შემოთავაზების დოკუმენტს,” – განუცხადა რეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, სახელმწიფო კინომატოგრაფებს აღმაშენებელზე მდებარე ძველი კინოსტუდიის  ფართის  სანაცვლოდ ახალ, კეთიმოწყობილ და ტექნიკურად უზრუვნევლყოფილ ფართს სთავზობს. ლითანიშვილი ასევე ადასტურებს იმ ფატქსაც, რომ სახელწიფოს სავარუდო გეგმა აღმაშენებლის ფართის პრივატიზაციაა.   

“პრინციპში, ისედაც ყველაფერი სახელწიფოს ეკუთვნოდა, დიდი ხანია სახელწიფო სააქციო საზოგადოების აქციათა 10% -ის მფლობელია, მას შეუძლია ისე გაყიდოს ყველაფერი, რომ არავის არაფერი კითხოს. ამას გარდა, სახელწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ე.წ ძველი კინოს ტერიტორიას არ დაუკარგავს ისტორიულ სახელწოდებას და ამავე ტერიტორიაზე კინოს მუზეუმს გააკეთებს. სახელმწიფოს სულ არ აინტერესებს კინო, ამიტომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ იგი  შეასრულოს ის ვადებულებები, რომელსაც ის ამ გაცვლით საკუთარ თავზე იღებს” – განაცხადა რეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ფონდის გამგეობა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემაც დატოვა, გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯორჯაძე მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.

სახელმწიფოსთვის ფართის გადაცემის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ მენაღარიშვილი და გემგეობის წევრი ილია ბექაური.  მენაღარიშვილის განმარტებით, ოფიციალური განცხადება მომდევნო კვირას ისედაც ცნობილი გახდება.

ძველი კინოსტუდიის ყოფილი, ამჟამინდელი და მომავალი მფლობელები

კინოსტუდიას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იგი გამოირჩეოდა უნიკალური “დიდი პავილიონით” – რომელშიც გასული საუკუნის 20–იანი წლების ქართული კინოს შედევრებია გადაღებული. მის ტერიტორიაზე მდებარეობს კინომსახიობთა თეატრიც.

კინომატოგრაფები მიიჩნევენ, რომ კინოსტუდია კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

საჯარო რეესტრის განცახადების მიხედვით, დ. აღმაშნებლის 164–ე ნომერში მდებარე ე.წ ძველი კინოსტუდია 25210.00 კვ.მ ფართზეა განთვასებული და მას სამი ძირითადი მფლობელი ყავს. ფართის უდიდეს ნაწილს,   24208, 97 კვ.მ –ს  “ქართული ფილმის განვითარების ფონდი” ფლობს, 589 კვ.მ–ს – სახელწიფო, 412,03 კვ.მ კი “შპს კინოქალაქის” საკუთრებაშია.

2010 წელს “შპს კინოქალაქმა” მის მფლობელობაში არსებული 412,03 კვ.მ ფართი სრულად თი ბი სი  ბანკის შვილობილ  კომპანიას  ჯი-არ-დი-სი–ს მიჰყიდა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფართის 100%–იანი წილი  2012 წლის 14 ივლისს სახელწიფოს უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა.


ჯი-არ-დი-სი–ს მიერ წილის გაყიდვის შემდგომ ძველი კინოსტუდიის მთელი ფართს ორი მესაკუთრე დარჩა::  სახელმწიფო და “ქართული ფილმის განვითარების ფონდი”

თი ბი სი ბანკის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამუნა კირვალიძის განცხადებით,  ჯი-არ-დი-სი–მ სახელწიფოს საკუთარი წილი იმ მოტივით გადასცა, რომ ჯი-არ-დი-სი–სთვის ეს ფართი არამომგებიანი იყო.

“ჩვენ მფლობელობაში არსებული 412 კვადრატული მეტრის ფართი, მიწისქვეშა გვირაბი, გადავეცით სახელწიფოს, ვინაიდან ეს იყო ჩვენთვის ზედმეტი ხარჯი და არ წარმოადგენდა ჩვენთვის არავითარ ღირებულებას. ვაცხადებთ, რომ ჩვენ არავითარი შეხება არ გვაქვს ქართული ფილმის განვითარების ფონდის” კუთვნილებაში არსებულ რომელიმე ფართთან, ჩვენ მათგან სრულიად დამოუკიდებელი ვართ,” – განუცხადა ნეტგაზეთს თამუნა კირვალიძემ.

ამ დოისათვის უცნობია, კულტურის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია, ვინიდან “ქართული ფილმის განვითარების ფონდის”  გამგეობის წევრი და საქრთველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძე საქართველოში არ იმყოფება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ე.წ კინოსტუდია საპრივატიზაციო ნუსხაში არ არის, შესაბამისად, არც ინვესტორი არსებობს.

ჯერჯერობით უცნობია, ოფიცალურად როდის მოხდება ძველი კინოსტუდიის მთელი ფართის სახელმწიფოსთვის გადაცემა. როგორც ოთარ ლითანიშვილი ამბობს, ამ დროისთვის საკითხის განხილვა პრემიერ-მინისტრის აპარატთან მიმდინარეობს.

ძველი კინოსტუდია, G. CH-ს ფოტო
ძველი კინოსტუდია, G. CH-ს ფოტო

  

მასალების გადაბეჭდვის წესი