საბოლოო მიზანია, საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა – პრემიერი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, – აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო.

ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის, ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა.

პირისპირ შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა თომას ბახს საქართველოს პოტენციალი გააცნო და ისაუბრა იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობა, საქართველომ უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში.

“საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა. ამისთვის გვჭირდება სტრატეგია, განვითარების გეგმა და ამ გეგმის შესაქმნელად ჩამოვა სწორედ ეს ჯგუფი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფთან ერთად გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ გეგმას და უკვე გვექნება სამოქმედო გეგმა ყოველწლიური ქმედებისთვის,” – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების ფართოდ გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მთის სათხილამურო კურორტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილი და თომას ბახი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.

“ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს,” – განაცხადა თომას ბახმა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმიური კომიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი დაასაჩუქრა დამფუძნებლის მედლით, რომელსაც კომიტეტი, ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გადასცემს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერებინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.