ახალი ამბები

პატრიკ ლესკადრონის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფულს თაღლითურად 2009 წლიდან იყენებდა

19 იანვარი, 2018 • 4978
პატრიკ ლესკადრონის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფულს თაღლითურად 2009 წლიდან იყენებდა

“კრედიტ სუისის” ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი, რომლის სასამართლო პროცესი ჟენევაში მიმდინარეობს, ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფულს თაღლითურად 2009 წლიდან იყენებს.  სწორედ ივანიშვილის ფულს იყენებდა ძირითადად ლესკადრონი იმ ფინანსური სხვაობის დასაფარად, რომელიც მის მიერ დადებული გარიგებებით დგებოდა.

ბლუმბერგის ცნობით, ლესკადრონმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ  მდიდარ კლიენტებს ექსელის ამონაწერების გაყალბებით ატყუებდა. მან აღიარა გარიგებების შესახებ ინფორმაციის გაყალბება. მისივე თმით, გაყალბების შემდეგ ბანკის ყალბ ამონაწერებს მზარდი დანაკარგების შესანიღბად გზავნიდა. მეტწილად იგი ფულს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ანგარიშებიდან იღებდა. ეს სქემა არ აღმოუჩენიათ მანამ, სანამ 2015 წლის სექტემბერში კალიფორნიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან მასობრივი გარიგების შესახებ არ გახდა ცნობილი.

54 წლის ლესკადრონის სასამართლო პროცესი შვეიცარიაში, ჟენევაში იმართება. მოსამართლე ალექსანდრა ბანამ ლესკადრონის მიერ დაზარალებულების თითოეულ ადვოკატს ლესკადრონის დასაკითხად 20 წუთი გამოუყო.

“ზუსტად როდიდან დაიწყეთ მოტყუება”,-ჰკითხა ლესკადრონსერთ-ერთი დაზარალებულის, ოლგა კურბატოვას ადვოკატმა მარკ ჰასბერგერმა. კურბატოვამ ქონება მსუბუქი სასმელების ბიზნესით დააგროვა.

“მას შემდეგ, რაც ექსელის ამონაწერების კეთება დავიწყე, ზუსტად არ მახსოვს, როდის. ეს იყო ექსელის ფაილები, რასაც კომპანია “Dream’- ს ვუგზავნიდი [კორბატოვას კომპანია.] ამის კეთება კი მაშინ დავიწყე, როცა ღირებულებაში სხვაობა ძალიან დიდი იყო და ამის კომპენსირებას ივანიშვილის ანგარიშიდან გადარიცხული თანხით ვცდილობდი”- განაცხადა ლესკადრონმა.

ლესკადრონის უფროსმა “კრედიტ სუისში” ბასილ სამარინმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბანკში ლესკადრონი მას შემდეგ გახდა “ვარსკვლავი”, რაც რუსი ფინანსისტის და სენატორის, ვიტალი მალკინის და ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების მართვა აიღო.

მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, როგორ და რატომ არ გამოაშკარავდა ლესკადრონის დანაშაული აქამდე. ლესკადრონმა “კრედიტ სუისში” მუშაობა 2004 წელს დაიწყო. მანამდე მას ბანკირობის გამოცდილება არ ჰქონია. იგი ერთადერთი იყო, ვინც რუს კლიენტებს ემსახურებოდა, რუსული ენის ცოდნის გამო. ლესკადრონს ხელი მიუწვდებოდა ბანკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განყოფილებებზე, მათ შორის, საინვეტიციო საბანკო განყოფილებაზე.

ლესკადრონმა, რომელსაც 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, აღიარა, რომ 2009 წლიდან დაიწყო თაღლითურად ივანიშვილის ფულის გამოყენება.

მილიონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, ბერმუდისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოების ჩანაწერების მიხედვით,  ივანიშვილს დაბანდებული ჰქონდა ბერმუდაში, გადასახადისგან გათავისუფლებულ სადაზღვევო პოლისებში, რომლებსაც შპს “კრედიტ სუისს ლაიფ (ბერმუდა)” (Credit Suisse Life (Bermuda) Ltd) განკარგავდა. პოლისები აზღვევდა თავად ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძის, გვანცა, ცოტნე და ბერა ივანიშვილების სიცოცხლეს.

პატრიკ ლესკადრონი 2 წელია უკვე პატიმრობაშია.  თემის შესახებ სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი