ახალი ამბები

მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი “მოვუსმინოთ მასწავლებლებს” დაიწყო

8 იანვარი, 2018 • 1735
მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი “მოვუსმინოთ მასწავლებლებს” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, დღეს პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი “მოვუსმინოთ მასწავლებლებს” დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

პირველი შეხვედრა მინისტრმა იმ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ და მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს. შეხვედრების მიზანი ისეთ პრობლემატურ თემებზე ღია საუბარია, როგორიცაა სკოლებში ბულინგის გადაჭრის გზები და სწავლა-სწავლების ხარისხი.

უწყების ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე პედაგოგებმა აქცენტი გააკეთეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე და მშობლებთან კომუნიკაციაზე.

შეხვედრის ბოლოს პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად პედაგოგებს გადაეცათ ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, სადაც განმარტებულია, თუ რა არის ბულინგი და ძალადობა და რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ასეთ დროს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მსგავს ფლაერებს  უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი