ახალი ამბები

18 ათასი 7 დღეში – განათლების მინისტრის სასტუმროს ხარჯები ნიუ იორკში

28 იანვარი, 2022 • 1885
18 ათასი 7 დღეში – განათლების მინისტრის სასტუმროს ხარჯები ნიუ იორკში

საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გასულ წელს სულ სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, აქედან ორჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთხელ კი, ბელგიაში. მინისტრის მივლინებებში ბიუჯეტიდან, ჯამში, 68 397 ლარი დაიხარჯა. მინისტრს ამ მივლინებებში ახლდა სამი პირი: მათი მივლინებისთვის კი, ჯამში, ბევრად ნაკლები – 40 826 ლარი დაიხარჯა. მთლიანობაში კი, მინისტრისა და მისი თანმხლები 3 პირის უცხოეთში ვიზიტი პანდემიაში 140 594 ლარი დაჯდა.

  • მიხეილ ჩხენკელის მივლინების ხარჯები 2021 წელს

ბრძანებების მიხედვით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის სექტემბერში და ოქტომბერში იმყოფებოდა. სექტემბერში მინისტრმა ნიუ იორკში შვიდი დღე დაჰყო. განათლების სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ამ შემთხვევაში ჩხენკელმა მგზავრობაში 16 106 ლარი დახარჯა [5 ათას დოლარზე მეტი].

დოკუმენტის თანახმად, ნიუ იორკში მინისტრმა ღამისთევაში 17 700 ლარი დახარჯა, შესაბამისად, დღეში 2 528 ლარი [დაახლოებით 815 დოლარი]. „დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, აშშ-ში სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დღე-ღამეში ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმა ნიუ-იორკში 235 დოლარია, ხოლო სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე- 180 დოლარი. ასევე არსებობს სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საჯარო მოხელეებს აშშ-ში სწორედ ამ ღირებულების სასტუმროს დაქირავება შეუძლიათ ბიუჯეტის ფულით.

მთლიანობაში, შვიდი დღის განმავლობაში მიხეილ ჩხენკელის ნიუ იორკში ვიზიტზე 36 160 ლარი დაიხარჯა.

მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გასული წლის ოქტომბერში ამერიკის ქალაქ ჩიკაგოშიც იმყოფებოდა ოფიციალური მივლინებით და ამჯერად 29 103 ლარი დახარჯა. მინისტრი ჩიკაგოში 12 დღეს დარჩა და სასტუმროში ერთ ღამეში 913 ლარი გადაიხადა. ჯამში, მინისტრის სასტუმროში განთავსებაზე 10 965 ლარი დაიხარჯა, ხოლო მგზავრობაში -14 065 ლარი.

შესაბამისად,  მინისტრის ორჯერად მივლინებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯამში, 65 263 ლარი დახარჯა.

მიხეილ ჩხენკელს გასულ წელს კიდევ ერთი მივლინება ჰქონდა, ამჯერად, ბელგიაში. ოფიციალური დოკუმენტებით, ბელგიაში ვიზიტისას მინისტრის მივლინებაში ბიუჯეტიდან 3134 ლარი დაიხარჯა. თუმცა ამ შემთხვევაში ოფიციალურ დოკუმენტში ან გამორჩათ, ან არ ჩაწერეს, რა დაჯდა მინისტრის ბრიუსელში ცხოვრება 6 დღით.

ჯამში, სამ ვიზიტში ჩხენკელმა გასულ წელს 68 397 ლარი დაიხარჯა, ბრიუსელის 6 დღის ცხოვრების ხარჯების გამოკლებით.

მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მივლინებაში ახლდა პროტოკოლის სამსახურის უფროსი. მისი მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარით ნაკლები – 25 189 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში კიდევ ერთი გაურკვევლობაა – მინისტრ მიხელ ჩხენკელს ბრიუსელში სამი პირი ახლდა თან მივლინებაში, მათ შორის, პროტოკოლის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი და კიდევ ერთი პირი, რომლის შესახებ ხარჯების გარდა დოკუმენტში სხვა არაფერია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, უჩინარი პირის მივლინებაზე ბიუჯეტიდან 5 057 ლარი დაიხარჯა.

განათლების სამინისტროს დამატებით ვკითხეთ, ვინ იყო პირი, რომლის ბელგიაში მგზავრობაზე ბიუჯეტიდამ 1 328 ლარი დაიხარჯა, ხოლო სასტუმროში ცხოვრებაზე- 2 921 ლარი? – სამინისტროში ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს.

  • მიხეილ ჩხენკელის მივლინების ხარჯები 2020 წელს

სამინისტროდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მინისტრი მივლინებაში 2020 წელსაც იმყოფებოდა. დოკუმენტში არ ჩანს, ბიუჯეტის ხარჯით ჩავიდა მინისტრი დიდ ბრიტანეთში თუ სხვა ხარჯებით. საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება დღიური ხარჯებიც და სასტუმროში ბინადრობის ხარჯები – ჯამში, მინისტრმა 4 914 ლარი დახარჯა.

2020 წლის იანვარში გამოცემული სხვა ბრძანების მიხედვით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამ პერიოდში მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, რისთვისაც 10 879 ლარი დაიხარჯა.

როგორც საფრანგეთში, ისე დიდ ბრიტანეთში მივლინებაში მინისტრს  თან ახლდა პროტოკოლის სამსახურის უფროსი – ამ შემთხვევაში მისი მივლინებისთვის 15 576 ლარი დახარჯულა ბიუჯეტიდან.


როგორც სამინისტროდან „ბათუმელებს“ მისწერეს, მინისტრისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტები სამინისტროს სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად დაიგეგმა. თუმცა, კონკრეტულად რა შედეგი მოჰყვა ამ ვიზიტებს, სამინისტროს ამ თემაზე არ მოუწოდებია ინფორმაცია.

2021 წლის ბოლოს კი, როცა განათლების მინისტრი პარლამენტში წარდგა, მან ძირითადად მომავალ დროში დაგეგმილ მიღწევებზე ისაუბრა და ნაკლებად, პანდემიის პერიოდში სასკოლო დანაკარგებზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

პარლამენტის წევრებმა ოპოზიციიდან მიხეილ ჩხენკელს უთხრეს, რომ „ძალიან აცდენილია რეალობას“, რადგან ქვეყანაში, სადაც 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, 10 ათასამდე ბავშვს კი ონლაინსწავლების დროს არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზე და ტექნიკაზე, არარეალურად მიიჩნიეს ჩხენკელის „ანგარიში“ იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწევს 2030 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი