ახალი ამბები

17 მაისის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები მოითხოვენ, აღარ გაგრძელდეს არსებითი განხილვა

1 აგვისტო, 2013 • 1131
17 მაისის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები მოითხოვენ, აღარ გაგრძელდეს არსებითი განხილვა

ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი) ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება შუამდგომლობების განხილვა:

“შემდეგ კი უკვე მოსამართლე გადაწყვეტს, საქმე უნდა გაუშვას არსებით განხილვაზე, თუ უნდა შეწყვიტოს ამ ეტაპზე და არ გადასცეს არსებით განხილვაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ შუამდგომლობის დაყენებას შეწყვეტასთან დაკავშირებით. საქმეზე სულ ხუთი ბრალდებულია და, რამდენადაც ვიცი, დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატები იგივეს აპირებენ.”

თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი