მომღერალი მიშო სულუხია ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მეგობართან მიმავალს, ლისის ტბაზე ქუჩაში დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც პოლიციელებად გაეცნენ, გადაუკეტეს გზა, გადმოსვეს ტაქსიდან და ტელეფონი წაართვეს.
„მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნება არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო, დამწეოდა“, – ნათქვამია სულუხიას გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი თქმით, ტაქსის მძღოლი კვლავ ადგილზე ჰყავთ დაკავებული და ემუქრებიან აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული.
„რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი. ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა, მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS! გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ. ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში, ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“, – წერს სულუხია.
