ახალი ამბები

რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს – ომბუდსმენი

23 დეკემბერი, 2017 • 4081
რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს – ომბუდსმენი

გუშინ საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ 22 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. „რეიდის“) განხორციელება დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მოქალაქეებს გააჩნდეთ  ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ, სპეციალური საპოლიციო კონტროლი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მიზანს კანონდარღვევის პრევენცია და/ან გამოვლენა წარმოადგენს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მინისტრის განკარგულების საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია, შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროის განმავლობაში, მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, კანონი მოქალაქეს შემდეგ უფლებებს ანიჭებს: მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა;
[checklist]

  • მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძვლის განმარტება;
  • მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;
  • გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

[/checklist]

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება, ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული” – ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს.

“სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიების, განხორციელებისას მასში მონაწილე მოქალაქეთა კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია ყველასთვის შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი” – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი