ახალი ამბები

გიორგაძე: იძულებული ვიქნები, დავაკმაყოფილო წიგნის ცენტრის დირექტორის განცხადება გადადგომაზე

19 დეკემბერი, 2017 • 5404
გიორგაძე: იძულებული ვიქნები, დავაკმაყოფილო წიგნის ცენტრის დირექტორის განცხადება გადადგომაზე

საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, თუ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გუნდი პოზიციას არ შეიცვლის, ის იძულებული იქნება, ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილოს.

მიხეილ გიორგაძის თქმით, პირობა, რომ ცენტრს მოსცილდეს ყველა ფუნქცია და ვალდებულება, გარდა ლიტერატურული პროგრამისა, მისთვის მიუღებელია:

“დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები არ არის. ეროვნული წიგნის ცენტრის ხელმძღვანელმა შემოიტანა განცხადება, სადაც ის მომმართავს მე და აყენებს გარკვეულ პირობებს, რათა განაგრძოს მუშაობა ამ თანამდებობაზე. მე მქონდა შეხვედრა როგორც მასთან პირადად, ასევე, წიგნის ცენტრის მთელ გუნდდთან, სადაც ჩვენ ჩვენი პოზიციები გავცვალეთ და მე პირდაპირ ვთქვი, რომ ამ პირობების დაკმაყოფილება არ მგონია იყოს სწორი.

საუბარია რაზე, რომ წიგნის ცენტრს მოსცილდეს ყველა ფუნქცია და ყველა ვალდებულება, რაც მას გააჩნია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვი სმომზადებასთან დაკავშირებით. რომ მას დარჩეს მხოლოდ თარგმანები და ლიტერატურული პროგრამა, რაც არის აბსოლუტურად შეუძლებელი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც სხვადასხვა შინაარსობრივ და საკონტრაქტო ურთიერტობებში არის შესული წიგნის ცენტრი და მე ამის შესახებ პირდაპირ ვთქვი” – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

მინისტრის თქმით, მან სთხოვა წიგნის ცენტრის გუნდს, კიდევ ერთხელ გადახედოს საკუთარ პოზიციას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრი იძულებული იქნება, ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას გადადგომის თაობაზე ხელი მოაწეროს:

“ვთხოვე როგორც ხელმძღვანელს, ისე გუნდის ცენტრის, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედათ თავისი პოზიციისთვის, რადგან თუ ისინი ამ პოზიციას არ შეიცვლიან, მე ვიქნები იძულებული, განცხადება გათავისუფლების თაობაზე დავაკმაყოფილო, თუმცა ამის გაკეთება არ მინდა. მიმაჩნია, ამ ადამიანების გუნდი თავის საქმეს კარგად აკეთებს. თუმცა ამ პირობის სანაცვლოდ მუშაობის გაგრძელება ჩემთვის მიუღებელია” – ამბობს გიორგაძე. 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო წერილს აქვეყნებს. საბჭოს წევრების განცხადებით, კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. საბჭოს წევრების აზრით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვით ადრე,  რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა წარდგეს, მსგავსი გადაწყვეტილებები პროექტის წარმატებით განხორციელებას უქმნის საფრთხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი