მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მოწინააღმდეგეები პრეზიდენტის ვეტოს ითხოვენ

მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხვდება.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, უარყოფითად აფასებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც შევა კანონში. კანონპროექტს ორი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტმა.

“რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეზრდება კომერციული რეკლამისთვის განკუთნილი დრო, კერძო ტელევიზიებს, განსაკუთრებით კი მცირე ტელევიზიებს, ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.

“ცუდ მდგომარეობაში აყენებს ეს კანონპროექტი მთლიანად მედიას იმიტომ, რომ ის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებისთვის მიღებული კანონპროექტია. ყველა ტელევიზია შრომით და გაჭირვებით იღწვის, რომ რაიმე შემოსავალი ჰქონდეს, მაშინ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბიუჯეტიდან ძალიან დიდი შემოსავალი და სურთ, რომ ამის გარდა კომერციული შემოსავალიც მიიღონ”, – ამბობს თამთა მურადაშვილი.

მურადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს კანონპროექტს.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი მოითხოვს, რომ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.

“აბსოლუტურად ალოგიკურ კანონშემოქმედებით პრიცესთან გვაქვს საქმე. კომიტეტი, რომელიც გაერკვა დეტალებში, მისგან მხარდაუჭერელი კანონპროექტი გავიდა მეორე მოსმენით, ლოგიკას რომ დაუბრუნდეს კანონშემოქმედება, ვეტო არის ერთ-ერთი გზა”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

კუპრაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციას და მთლიანად მედიას დააზარალებს.

“თავის დროზე ვასილ მაღლაფერიძემ ახსენა კარგი სიტყვა, თუ რა ხდებოდა ადრეო – “კარმუშკა”. ეს არის “კარმუშკის” კანონპროექტი”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე ამბობს, რომ კანონპროექტში არაა გარკვეული, როგორ და ვინ შეარჩევს ტენდერების გარეშე შესყიდულ პროდუქტს ან მომსახურებას.

“ამ უფლებამოსილებების მხოლოდ საბჭოზე და მენეჯმენტზე გადაცემა არის შეცდომა, ეს არის დაბალი სტანდარტი,” – ამბობს სალაძე.

სალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დაახლოებით 53 მილიონი ლარია, რაც საქართველოში სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია. ამ ფონზე მაუწყებლის მოთხოვნა, რომ რეკლამის დრო გაეზარდოს, მიუღებელია. სალაძე ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში მაუწყებელს ეზრდება დაფინანსება და მას აღარ უნდა ჰქონდეს მოთხოვნა, რომ კომერციული რეკლამის დრო გაეზარდოს.

სალაძის თქმით, კანონპროექტის საშუალებით, იზღუდება საბჭოს უფლებამოსილებები.

“პრაქტიკაში არასდროს ყოფილა პრობლემა, სამეურვეო საბჭოს ისე მოეხდინოს ინიცირება დებულებაში ცვლილების ან ბიუჯეტის, რომ ეს არ ყოფილიყო შეთანხმებული მენეჯმენტთან”, – ამბობს სალაძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ ერთიანი სისტემის გარეშე შესყიდვების განხორციელებით გამჭვირვალობის სტანდარტი დაიწევს.

ძველიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში დაშვებულია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამა, თუმცა მათი დაფინანსება ბიუჯეტიდან ისე ხდება, რომ არ აღემატება სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტს, როგორც ეს საქართველოშია.

“საზოგადოებრივ მაუწყებელს კონკურენტუნარიანობის გაზრდა შეუძლია არა საკუთარი შემოსავლების გაზრდით, კომერციული რეკლამით, არამედ იმ პროექტებით, რაც არის მისი პრიორიტეტი კანონით გათვალისწინებული”, – ამბობს ძველიშვილი.

ამავე საკითხზე პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას დღეს შეხვდება.


რა იცვლება მაუწყებლობის შესახებ კანონში, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com