ახალი ამბები

კაცს, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

18 დეკემბერი, 2017 • 2899
კაცს, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოდენა ბარამია, რომელიც სენაკის პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მიუსაჯა.

ოდენა ბარამიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ასოციაციის იურისტმა, ეკა ციმაკურიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ოდენა ბარამია სასამართლომ მიიჩნია დამნაშავედ ცრუ ჩვენების მიცემაში ისე, რომ არ გამოკითხა ყველა მოწმე და არ შეისწავლა ის, თუ საიდან გაუჩნდა მას ფიზიკური დაზიანებები სხეულზე.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს საქმე საშიშია იმით, რომ არ გამოუკვლევიათ პოლიციელების ბრალეულობა, არამედ საქმე გადააკვალიფიცირეს ცრუ დასმენაზე და დაადანაშაულეს ის, ვინც პოლიციელებს სდებდა ბრალს. სალაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურის მოწმეები მარტო პოლიციელები იყვნენ.

“ამ შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია მომავალში, მოქალაქეებს შეექმნათ შიში, რომ თუკი ისინი დაექვემდებარებიან ისეთ მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომელიც კანონთან კონფლიქტში იქნება, არ განაცხადონ ამის შესახებ”, – ამბობს სულხან სალაძე.

სალაძე ამბობს, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია ყველა ის მოქმედება, რომელიც უნდა ჩატარებულიყო.

“ეს არის საქმე, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ პრობლემებზე. ამ საქმიდან გამომდინარე ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საჭიროებაზე”, – ამბობს სალაძე.

ეკა ციმაკურიძის განცხადებით, ოდენა ბარამიას 2016 წლის აპრილში სენაკში ავტომობილი გაუფუჭდა, რის გამოც ღამე გაათია მანქანში. მეორე დილით კი ფეხით გააგრძელა გზა, რის შემდეგაც მას პოლიციელები შეხვდნენ და ალკოტესტის გავლა მასთხოვეს.

იურისტის თქმით, თავდაპირველად ბარამიამ უარი განაცხადა ალკოტესტის გავლაზე, რადგანაც იგი მანქანას არ მართავდა, თუმცა შემდეგ მაინც გაიარა ალკოტესტი და სიმთვრალე არ დაუდგინდა. ციმაკურიძის თქმით, ალკოტესტის გავლაზე თავდაპირველმა უარმა გამოიწვია პოლიციელების გაღიზიანება, რის შემდეგ ბარამია ჯერ პოლიციის მანქანაში სცემეს, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

ციმაკურიძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მიხედვით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ნიშნავს, თუმცა მოგვიანებით საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება 373–ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს.

ციმაკურიძის თქმით, პოლიციელების ვერსიით, ბარამია მაშინ დაინახეს, როდესაც გადმოვიდა ავტოავარიის შედეგად თხრილში ჩავარდნილი ავტომობილიდან და მას შემდეგ მოსთხოვეს სიმთვრალეზე შემოწმება. პოლიციის მტკიცებით, ბარამიამ დაზიანებები ავარიის შედეგად მიიღო.

ეკა ციმაკურიძე ამბობს, რომ არაეფექტური გამოძიების გამო შეიძლება საქმის მასალებით ვერ დადასტურებულიყო, რომ პოლიციელებმა ნამდვილად სცემეს ოდენა ბარამია, მაგრამ ის მაინც უნდა გარკვეულიყო, საიდან მიიღო დაზიანებები, რაც ექსპერტიზით არის დადგენილი, რომ ოდენა ბარამიას ჰქონდა დაზიანებები მიღებული, თუმცა მანქანაში სისხლის კვალი არაა აღმოჩენილი.

“ასეთ ვითარებაში სრულიად წარმოუდგენელია, 5 წლით ადამიანს აღუკვეთოს თავისუფლება და ის მიეცეს სისხლის სამართლის ასეთ მძიმე პასუხისგებაში იმის გამო, რომ მან განაცხადა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე”, – ამბობს ეკა ციმაკურიძე.

იურისტის თქმით, პროკურატურას უნდა დაეკითხა პოლიციის განყოფილების დამლაგებელი, რომელმაც ბარამიას თქმით, გაწმინდა  სისხლის კვალი. პოლიციას არ გამოუკვლევია ქურთუკი, რომელიც პოლიციელებმა ბარამიას წაართვეს, რომელზეც მისი სისხლის კვალი იყო.

საიას ცნობით, ზუგდიდის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა პროკურატურის მტკიცება მიიღეს სარწმუნოდ, რომ ოდენა ბარამიამ ცრუ ჩვენება მისცა, თუმცა სასამართლოს არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ სად მიიღო დაზიანებები ბარამიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს საქმის განხილვა.

“ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, რათა დაედგინა, რატომ გადაკვალიფიცირდა საქმე და საიდან მიიღო დაზიანებები ბარამიამ, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი