აზერბაიჯანში Kanal-13-ის დირექტორს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბაქოს სასამართლომ ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13-ის დირექტორს, აზიზ ორუჯევს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, Kanal-13-ის დირექტორს, აზიზ ორუჯევს, ბრალი ორი მუხლით: უკანონო საქმიანობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს. ორუჯევი დანაშაულს არ აღიარებს. პოლიტპატიმრების დაცვის აზერბაიჯანულმა ცენტრმა ის პოლიტიკურ მოტივებზე დაჭერილთა სიაში შეიყვანა.

“აზიზ ორუჯევმა განაცხადა, რომ სრულიად უდანაშაულოა. მან კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გამოუცხადა. აზიზმა განაცხადა, რომ მას ყოველთვის სჯერა დემოკრატიული ჟურნალისტიკის პრინციპების”, – განაცხადა ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა.

ადვოკატი ჯავადოვი სასამართლოში სიტყვითაც წარდგა. მან სთხოვა სასამართლოს აზიზ ორუჯევის გამართლება. “მე სასამართლოს ორუჯევის გამართლება ვთხოვე. მას არ ჩაუდენია ის, რისთვისაც ბრალი აქვს წარდგენილი. მას მედიის კვლევის ცენტრ “კავკასიის” ფინანსური საქმიანობისთვის ასამართლებდნენ. თუმცა ის იქ არასდროს ყოფილა მმართველი ან პასუხისმგებელი პირი, არცერთ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია. ამ ცენტრს მისი ძმა ანარ ორუჯევი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს” – განაცხადა ადვოკატმა.

თუმცა სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაქსიმალური სასჯელი ამ სტატიით 8 წელს შეადგენს, ამბობს ადვოკატი.

აზიზ ორუჯიევის დევნა Kanal-13-ის საქმიანობას უკავშირდება, ამბობს პოლიტპატიმრების ცენტრის ხელმძღვანელი ელშან გასანოვი. მისი თქმით, ხელისუფლების უკმაყოფილება შესაძლოა ამ არხზე ოპოზიციის მიტინგებიდან პირდაპირმა ჩართვებმა გამოიწვია.

ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13 2008 წლის აგვისტოდან მაუწყებლობს ვებგვერდზე www.kanal13.tv. გამოცემა ამზადებს ჟურნალისტურ მასალებს ადამიანების უფლებების, გენდერული თანასწორობის შესახებ და წარმოადგენს განსხვავებულ პოზიციებს მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი