TI: ‘ოცნების’ ზოგ შემწირველთან კორუფციულ გარიგებაზე კითხვის ნიშნები ჩნდება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, უფრო დეტალურად შეისწავლოს 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შემომწირველთა ვინაობა.

დღეს, 13 დეკემბერს, ორგანიზაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და პირების შემწირველთა შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ისაა, რომ შემომწირველთა დიდი ნაწილი მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” სწირავს თანხებს.

“მთავარი მიგნება ამ მიმართულებით ის გვაქვს, რომ არის დისბალანსი მმართველი პარტიის მიღებულ შემოწირულობასა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობას შორის. ცხადია, ეს არის ის პრობლემატური პოზიცია, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. ოპოზიციური პარტიები არ არიან კონკურენტულ გარემოში”, – ამბობს ეკა გიგაური.

ეკა გიგაურმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ძალიან ბევრი იურიდიული პირი მმართველ პოლიტიკურ პარტიას სწირავს ფულს. გიგაურის თქმით, კვლევაში წარმოდგენილია რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შემწირველებსა და მმართველ პარტიას შორის კორუფციული გარიგეგების შესახებ კითხვებს აჩენს. მისი აზრით, ასეთი შემთხვევები აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

“საერთაშორიო გამჭირვალობის” კვლევა მიუთითებს, რომ აუდიტის სამსახური არ არის აქტიური ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, სამსახურმა შეისწავლოს ის ფაქტები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს.

“ამ არჩევნებში აუდიტის სამსახური არ იყო ეფექტური, ჩვენ არ გაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დააჯარიმეს მათ სხვადასხვა პარტიის მიმართ არაკანონიერი შემოწირულობის გამო. ვიცით, რომ 500–მდე პირი დაიკითხა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ორგანიზაციის წევრმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ არა მარტო 2017 წლის, არამედ წინა წლების შემოწირულობებიც შეისწავლეს, რათა დაედგინათ, რა ტენდენციებია წინასაარჩევნო პერიოდში.

ლევან ნატროშვილმა ყურდღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კომპანია “პოლიმერი” და “პოლიმერი 1″–ის მფლობელებმა, რომლებიც ოცნების შემწირველი არიან, მიიღეს მიწის ნაკვეთი იმისთვის, რომ პლასტმასის მილების საწარმო აეშენებინა.

ნატროშვილის თქმით, ვაჟა ციგროშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა 2016–17 წლებში 170 000 ლარი შესწირეს “ქართულ ოცნებას”. ერთ-ერთი შემოწირულობიდან ორი კვირის შემდეგ პროკურატურამ გახსნა საქმე და ციგროშვილს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი მისცა, რომელიც ციგროშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ძალით წაართვეს.

“როდესაც ასეთი საეჭვო ვითარებები იკვეთება, [უნდა] დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ჩვენს ძალებს აღემატება, მტკიცებით ფორმაში ვთქვათ, რომ აქ ადგილი ჰქონდა კორუფციას ან დანაშაულს. აუდიტის სამსახურიც უნდა დაინტერესდეს”, – ამბობს ლევან ნატროშვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2017 წელს პოლიტიკურ პარტიებს შესწირეს 15 480 402 ლარი, რომლის 91% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. შემოწირული თანხის 72% იურიდიული პირებიდან გადაირიცხა.

კვლევისას გამოიკვეთა 42 შემთხვევა, როდესაც 2 ან მეტ შემწირველს გარკვეული კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან. მათი შეწირული თანხა 20 000 ლარს აღწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com