ახალი ამბებიეკონომიკასამართალი

“სიტროენის” ბრალდებები ხეჩიკაშვილს და “მეგობარი” პრემიერისგან განაწყენებული “უცნობი”

13 დეკემბერი, 2017 • 5356
“სიტროენის” ბრალდებები ხეჩიკაშვილს და “მეგობარი” პრემიერისგან განაწყენებული “უცნობი”

მომღერალი “უცნობი”, რომელიც თავს უწოდებს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ძმაკაცს/მეგობარს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე, სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. გია გაჩეჩილაძემ გუშინ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ამ საქმეში ჩართულ ჩინოვნიკებს “ბიუჯეტის ვირთხები” უწოდა, რომლებიც, მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის “კრისტალივით სუფთა” სახელით ბოროტად სარგებლობენ.

შპს სიტროენ ჯორჯიამ, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძის დაფუძნებული კომპანიაა, 12 დეკემბერს კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს, შპს ჯი-თი მოტორსის, შპს სტრადა მოტორსის, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს წინააღმდეგ. ჩამოთვლილთაგან პირველი სამი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეგობარ გიორგი კვირიკაშვილს მხოლოდ ერთხელ მიმართა ზაფხულში SMS შეტყობინებით და უთხრა, რომ დიდი უსამართლობა ხდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად მისი მეგობრის პასუხი არ მიუღია.

როგორც მომღერალი ამბობს, პრემიერის თანაშემწემ ურჩია, რომ სასამართლოსთვის მიემართა. მისი თქმით, ნაწყენი არ არის გიორგი კვირიკაშვილზე და პირიქით – ამით მიხვდა, რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა მისი მეგობარი.

“სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მით უმეტეს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში, დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერ-მინისტრის ხასიათით, წესიერებით. ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს… როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,” – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძემ.

შპს სიტროენ ჯორჯიას ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო. გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებით არის საქმე, რომელზეც მისი სიძის კომპანია სასამართლოში დავობს.

გია გაჩეჩილაძე და “სიტროენის” ადვოკატები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თავად გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს მეორე დღეს, 13 დეკემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან სამწუხარო იყო ამ ყველაფრის მოსმენა. როგორც პრემიერმა განაცხადა, გია გაჩეჩილაძემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გალანძღა მისი გუნდის წევრები.

“ჩვენ ერთად ვიბრძოდით- გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა. სამწუხაროდ, მისგან ასე დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაწვრილებით გაეცნო იმ საკითხს, რის შესახებაც გია გაჩეჩილაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა:

“ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენტო პირობები ყველასთვის. შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესჯგუფი არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან და სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, ხოლო მეორეა ის, რომ კანონი ზედმიწევნით დაცული იყო. მოვითხოვ, მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, ან რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს მთავრობის მეთაური ნიშნავს, მიმართოს სასამართლოს.”

პრემიერის განცხადებით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის, მათ შორის – დატოვოს კიდეც თანამდებობა:

“თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც მომიხადოს ბოდიში. ტარიელი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასოდეს არ შეურევია თავისი სახელმწიფო და ბიზნესსაქმიანობა. მან თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი რამე გააკეთა. გააკეთა ის, რომ დასრულდა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, წამოიწყო ბევრი საინტერესო ახალგაზრდული პროექტი.”

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მისი გუნდის წევრი ლანძღონ, ხოლო ის შეაქონ – “არ მჭირდება ასეთი ქება! წაიღოს თავისი სიტყვები უკან!”

გია გაჩეჩილაძე, რომელმაც გუშინ “მეგობარ” პრემიერს კრისტალივით სუფთა უწოდა, დღეს უკვე აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “მეხივით დაეცა” გიორგი კვირიკაშვილის განცხადება.

“ადამიანმა ხომ უნდა შეისწავლოს, რა ხდება? მე არაფერს ვითხოვ. უბრალოდ, სიმართლის დადგენა მინდა. ახალგაზრდა კაცი [მისი სიძე] იწყებს საქმეს და ასეთ მდგომარეობაში ვარდება… ეს არის ერთი საქმე და მეორეა კარტელური გარიგებების საქმე. პრემიერი აცხადებს დღეს, რომ ეს უნდა შევიდეს სასამართლოშიო. შესულია უკვე დიდი ხანია და პროცესი მიდის… მრჩეველი ვინ ჰყავს?! ჩააყენოს საქმის კურსში, რომ ეს პროცესი მიდის სასამართლოში!

როგორ შეისწავლა მან საქმე, როდესაც მეორე მხარისთვის, ჩემთვის და არავისთვის არაფერი უკითხავს?! თუ ის არის საქმე, რომ ბოდიში მოვიხადო, კარგი – ბოდიში! მაგრამ რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში?! არ მიჭირს ნამდვილად ბოდიშის მოხდა და არც არაფერი! მინდა ელემენტარული სიმართლის დადგენა… მითხრან – ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერები რატომ არის ჩატარებული კონკურენციის გარეშე და რატომ არის 20 მილიონ ლარზე მეტი თანხა მხოლოდ ერთ კომპანიაზე გაცემული?!” – ასე უპასუხა დღეს რუსთავი 2-თან საუბრისას “უცნობმა” პრემიერის განცხადებას.

როგორც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, არც კი იცის, რა დაარქვას გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადადგება, თუ რომელიმე ბიზნესმენის შევიწროებას დაადგენს სასამართლო. მომღერლის თქმით, მისი ოჯახი არის დაჩაგრული, ხოლო პრემიერის განცხადება მანაც პირად შეურაცხყოფად მიიღო.

რაზე დავობს შპს სიტროენ ჯორჯია

შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნული კომპანიების კარტელურ შეთანხმებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის განაწილების და ფასების ფიქსირების მიზნით. მისი განცხადებით, სახეზეა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მათი მხარდაჭერა აღნიშნულ უკანონო ქმედებებში, რაც გამორიცხავს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ბიუჯეტს.

“მხოლოდ 2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით, რომელიც ჩამოთვლილი კომპანიებიდან ერთ-ერთია. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 21 მილიონამდე ლარის ღირებულების და მხოლოდ 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თანხობრივად 70% ტენდერები ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება ამ რამდენიმე კომპანიაზე.

აღნიშნული აისახება მხოლოდ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში არსებული სამი კომპანიის, ასევე, ჰიუნდაის, ჯი-თი მოტორსის და სტრადა მოტორსის კონკრეტული გარიგებით. მათ ფაქტობრივად წინასწარ აქვთ ერთმანეთთან შეთანხმებული, თუ ვინ რომელ ტენდერში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინ უნდა გაიმარჯვოს და რა ფასით. ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტები ყველანაირად ცდილობენ, არ დაუშვან ტენდერებში ახალი კომპანია, რომელიც მათ გაუწევს კონკურენციას,” – აცხადებს შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატი.

[red_box]შპს სიტროენ ჯორჯიას საჩივარი – სრულად[/red_box]

როგორც შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატები აცხადებენ, შემსყიდველი ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ კარტელურ ჯგუფს და ყველანაირად უქმნიდნენ პრობლემას შპს სიტროენ ჯორჯიას, რომელსაც არაერთი საჩივარი აქვს მოგებული შესყიდვების სააგენტოში, თუმცა ამას სახელმწიფოს დაქვემდებარებული შემსყიდველი ორგანიზაციები იგნორებას უკეთებენ. მათი თქმით, ეს ორგანიზაციები გავლენიანი თანამდებობის პირების უკანონო ლობირების ზემოქმედების ქვეშ არიან, მათ შორის, ტარიელ ხეჩიკაშვილის:

“იმედი გვაქვს, კონკურენციის სააგენტო გამოიძიებს, შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და დაადგენს კარტელის არსებობას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, რის გამოც ბიუჯეტს მიადგა არაერთი მილიონი ლარის ზარალი. ეს კომპანიები ცდილობენ, სიტროენ საქართველო განდევნონ ბაზრიდან. აქ მხოლოდ საქმე არ ეხება სიტროენს, ამ კარტელური გარიგებით ზარალდება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რადგან ამ გარიგებით ბიუჯეტი კარგავს მილიონობით ლარს.”

საჩივრის ავტორების ცნობით, სააგენტოებისთვის წარდგენილ საჩივარში დეტალურად არის აღწერილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ადასტურებს შპს სიტროენ ჯორჯიას მოსაზრებას.

კომპანიების პასუხი უცნობს და სიტროენს

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ თავად იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედებენ და ტენდერებშიც მხოლოდ საკუთარი კომპანიების ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ.

შპს სტრადა მოტორსის დამფუძნებელი, დავით ზაუტაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ სანამ შპს სიტროენ ჯორჯია გამოჩნდებოდა ბაზარზე, კონკურენციის სააგენტოში თავად ასაჩივრებდნენ ტენდერებს. მისი თქმით, მომღერალი უცნობი და მისი ადვოკატები არ არიან კომპეტენტურები, რადგან გადამოწმების შემთხვევაში, დაინახავდნენ, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა ტენდერში არის კონკურენცია – “საბოლოო ჯამში, ვხოცავთ ერთმანეთს.”

როგორც დავით ზაუტაშვილი აღნიშნავს, მათი კომპანია ტენდერებში მონაწილეობს 2010 წლიდან და მას შემდეგ, რაც მათი კომპანია გამოჩნდა, ჩართულია პაექრობაში, თუ აქვთ შესაბამისი პროდუქტი.

“არანაირ გარიგებებში და შეთანხმებებში ვმონაწილეობთ. შეუძლიათ, სადაც უნდათ, ნებისმიერ მაკონტროლებელ ორგანოში დაწერონ საჩივარი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. როგორ შეიძლება მივიღოთ გარიგებაში მონაწილეობა, როცა თითო ტენდერში ვაგებთ 100 ან 50 ათას ლარს? ლოგიკურია – თუ გარიგებაში ხარ, მაშინ არ უნდა წააგო. ამიტომ, მათ მიერ წამოწეული თემა არ არის გადამოწმებული და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ სტრადა მოტორსთან დაკავშირებით. მე მგონი, ჯობია, რომ ამ საკითხით დაკავდეს ის უწყება, რომელიც კომპეტენტურია. კონკურენციის სააგენტოში ვიყავით რამდენჯერმე მისულები და ეს თემები, საერთოდ, ჩვენმა კომპანიამ წამოიწყო, სანამ სიტროენი გამოჩნდებოდა ბაზარზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ 10 წელია,” – აცხადებს შპს სტრადა მოტორსის დამფუძნებელი.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა შპს ჯი-თი მოტორსის იურისტს, დავით კორძაიას, რომელიც აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს შპს სიტროენ ჯორჯიას ბრალდებებს. მისი თქმით, ჯი-თი მოტორსს არავითარი გარიგებები და შეთანხმებები არავისთან აქვს, ხოლო ტენდერებში დამოუკიდებლად მონაწილეობს.

“ვხელმძღვანელობთ ჩვენი კომერციული და კომპანიის ინტერესებით. აბსოლუტური სისულელეა ეს, მით უმეტეს, როგორც ვიცი, რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა შპს სიტროენ ჯორჯიამ, თუმცა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მოხვდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შავ სიაში. ამიტომ ვერ ღებულობს მონაწილეობას, თორემ სხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ღებულობენ ტენდერებში მონაწილეობას, არა მგონია, არსებობდეს. კონკრეტულად, რა ვერ უზრუნველყო ამ კომპანიამ, არ ვიცი. ზოგადად ჩანს, რომ შპს სიტროენ ჯორჯია შავ სიაშია, რადგან რამდენიმე შესყიდვის განხორციელებისას ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები,” – ამბობს შპს ჯი-თი მოტორსის იურისტი.

დავით კორძაიას თქმით, ყველა ის კომპანია, რომელსაც შპს სიტროენ ჯორჯია კარტელურ გარიგებაში სდებს ბრალს, არის შპს ჯი-თი მოტორსის უშუალო კონკურენტი და გამორიცხულია მსგავსი თანამშრომლობა: “ჩვენ ვცდილობთ, კანონის ფარგლებში, ჩვენი ინტერესების გატარებას. რამდენადაც შესაძლებელია, ვღებულობთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. არავითარი კალტერული გარიგება არსებობს. ეს არის აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ბრალდება.”

კონკურენციის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შპს სიტროენ ჯორჯიას საჩივარი გუშინ გვიან მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნობიან ამ საჩივარს და შეისწავლიან საქმეს, შესაბამის განცხადებას გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი