სუს: დაკავებულია მოხელე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში ქრთამის აღებისთვის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

“2017 წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა აღნიშნულ მოქალაქეს მის მიერ მოთხოვნილი  თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის  სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. 2017 წლის 11 დეკემბერს აღნიშნულმა პირმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი – 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან  9  წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი