ახალი ამბები

სავალდებულო რეგისტრაცია დევნილებისთვის

22 ივლისი, 2013 • 1734
სავალდებულო რეგისტრაცია დევნილებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის თქმით, დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია უზრუნველყოფს დევნილების შესახებ ინფორმაციის განახლებას და მონაცემთა ბაზის მაქსმიმალურ სრულყოფას. მისივე განცხადებით, ეს მონაცემები გამოყენებული იქნება დევნილი ოჯახებისა და ინდივიდუალურ პირთა განსასაზღვრად, რათა მოხდეს მათი სპეციფიკური საჭიროებების განხილვა და მათთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება.

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დევნილთა რეგისტრაციის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს 12 სარეგისტრაციო კომისია – 8 დიდი (10 წევრის შემადგენლობით) და 4 მცირე (5 წევრის შემადგენლობით) კომისია.

 

დავით დარახველიძე
დავით დარახველიძე

“რეგისტრაციის შედეგები გამოყენებული იქნება დევნილთა მიმართ ეროვნული პოლიტიკის ფორმირებისთის, მათი განსახლებისთვის და ამავე დროს, როგორც მონიტორინგის საშუალება დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი მექანიზმების განსაზღვრისთვის”, – განაცხადა დავით დარახველიძემ.

 

მისივე თქმით, რეგისტრაციაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დევნილისთვის, რათა მათ არ შეუჩერდეთ დევნილის შემწეობა:

 

“რეგისტრაციის შედეგად დევნილებს გადაეცემა ახალი, შედარებით დაცული პირადობის მოწმობები. იმ დევნილებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ვერ გამოცხადდებიან რეგისტრაციის გასავლელად, შეუჩრდებათ დევნილის სტატუსი და დევნილის შემწეობა.”

 

მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისგან სამინისტრო ელოდება დევნილთა რიცხვის შემცირებასაც, რადგან მისი თქმით, დაფიქსირებულია დევნილის მოწმობების გაყალბების ფაქტები, როდესაც ერთი და იგივე დევნილს რამდენიმე მოწმობა აქვს.

 

დავით დარახველიძის თქმით, დევნილთა რეგისტრაციის პროცესში, როგორც დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც 26 ივლისამდე უნდა შეიტანონ შესაბამისი განცხადებები სამინისტროში.

 

ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხვალიდან სამინისტროში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დევნილებს ამ საკითხებზე მიაწოდებენ სათანადო ინფორმაციას.

 

ახალი მოწმობების გაცემა ქვეყნის მასშტაბით 1 ნოემბრიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი