ომბუდსმენმა „ბიბლუსის“ მხრიდან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  განმცხადებელმა, სხვა დასაქმებულებთან ერთად, შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე საჯაროდ – ფეისბუქის მეშვეობით – ისაუბრა. 2017 წლის 15 თებერვალს სამსახურიდან გათავისუფლდა განმცხადებელი. სამსახურიდან გაშვების ოფიციალური მიზეზი შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა გახდა.

სახალხო დამცველის ცნობით, მოგვიანებით,  განმცხადებელმა სცადა „ბიბლუსი გალერეაში“ შესულიყო, როგორც მომხმარებელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ის შენობაში არ შეუშვა. შენობაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში მას ობიექტის დაცვის თანამშრომელმა შენობის დატოვება მოსთხოვა. დაცვის თანამშრომელმა განმცხადებელს განუმარტა, რომ მისმა „საქციელმა, გამოიწვია ძალიან დიდი არეულობა, […] აურზაური, ხმაური, არეულობა…“ და ამდენად, „ზემდგომმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს საჭიროდ […], რომ [განმცხადებელს] არ აქვს შემოსვლის უფლება“; ის არის „არასასურველი და მიუღებელი სტუმარი“ და დაცვა გაფრთხილებულია, რომ განმცხადებელი „კატეგორიულად არ დაუშვან“ „ბიბლუსი გალერეას“ ტერიტორიაზე“.

აპარატში მიაჩნიათ, რომ  განმცხადებლის მიერ საჯაროდ საუბარი შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა არა სიმართლე და შეურაცხმყოფელი, დაცულია განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო განმცხადებლისათვის „ბიბლუსის გალერეას“ ტერიტორიაზე შესვლისა და მომსახურების აკრძალვა, მინიჭებული უფლებებით სარგებლობით შეზღუდვა გაუმართლებელია.

“სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2017 წლის 21 თებერვალს შპს „ბიბლუსის“ მხრიდან გ.კ-ს მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულებების ნიშნით,”- ნათქვამია განცხადებაში.

განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” წარმოადგენდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.