დაზვერვის სუს-თან გაერთიანების კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია

საქართველოს მთავრობამ პარლამენტიდან სტურქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ის ნაწილი გაიწვია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას გულისხმობდა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, მთავრობამ სულ 12 პროექტი გაიწვია. დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება, კობახიძის თქმით, მთავრობამ საპარლამენტო კონსულტაციების შემდეგ შეცვალა:

“გაცნობებთ, რომ გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. პაკეტში მთლიანობაში შედიოდა, თუ არ ვცდები, 112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს. საუბარი იყო იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა ამასთან დაკავშირებით შედგა კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის. შესაბამისად, ინიცირებული აღარ არის დაზვერვისა და სუს-ის სამსახურების გაერთიანება” – თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაერთიანებულიყო, რაც გულისხმობდა, რომ სუს-ის ფუნქციებს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები დაემატებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.