უზენაესმა შსს–ს 2013 წლის 17 მაისს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოტანილი განაჩენი, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეთათვის მორალური კომპენსაციის გადახდის ვალდებულების თაობაზე, უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

„მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან”, – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი განჩინების ნაწილს ასაჯაროვებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 25 მაისს უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com