ახალი ამბები

სააპელაციომ 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილეების სასარგებლოდ შსს-ს 12 500 ლარი დააკისრა

15 მაისი, 2017 • 5332
სააპელაციომ 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილეების სასარგებლოდ შსს-ს 12 500 ლარი დააკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

“სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები. სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად. მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა პრაქტიკულად გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას, რაც ამ ყველაფრის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულების მაჩვენებელია,”- აცხადებს საია.

2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფლეშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი