ახალი ამბები

პარლამენტი მოწმეთა დაკითხვის წესზე მთავრობის ინიციატივას დაჩქარებულად არ განიხილვას

15 ივლისი, 2013 • • 1202
პარლამენტი მოწმეთა დაკითხვის წესზე მთავრობის ინიციატივას დაჩქარებულად  არ განიხილვას

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმეები მხოლოდ სასამართლოში უნდა დაკითხონ გამომძიებლებმა და პროკურორებმა. აღნიშნული ნორმა 2013 წლის დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობის მოთხოვნით მისი ამოქმედების ვადა პარლამენტმა მიმდინარე წლის იანვარში 2013 წლის 1 სექტემბრისთვის გადმოიტანა. დღესდღეობით კი, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ამ ნორმის გადავადება 2014 წლის დეკემბრამდე აუცილებელია, რადგან საგამოძიებო უწყებები არ არიან მზად პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაკითხონ მოწმეები. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში მთავრობის სახელით პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, მას სურდა, რომ პარლამენტს აღნიშნული დაჩქარებული წესით განეხილა.

 

„რადგან მთავრობის ინიციატივა ეხება მხოლოდ კანონის მუხლის ამოქმედების ვადის გადაწევას, რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით იქნეს მიღებული, თუმცა, პარლამენტის ბიუროს აქვს უფლება, ამას დაეთანხმოს, ან არა. ბიურომ მთავრობას უთხრა უარი, რის შემდეგაც ეს კანონპროექტი  გამარტივებული წესით ვერ იქნება მიღებული. დაიწყო ჩვეულებრივი წესით განხილვა.  მომავალ სასესიო კვირას, წესით, პირველი მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი. ჩვენ სხდომები მოწვეული გვაქვს 15 აგვისტომდე და შესაძლოა, მოესწროს კიდეც, ამის თეორიული შანსი არის“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა.

 

თეორიული შანსი იმისა, რომ პარლამენტი ვერ მოასწრებს აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანას, ნამდვილად არსებობს, რის შემდეგაც საგამოძიებო სტრუქტურები 1 სექტემბრიდან დადგებიან ფაქტის წინაშე და მთელი საქართველოს მასშტაბით მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლო განხილვაზე შეეძლებათ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ნორმის ამოქმედებას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ადვოკატთა ასოციაცია, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს მას. აღნიშნული პროცედურას რამდენიმე კვირა დასჭირდება და პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, სურვილის შემთხვევაში, საშემოდგომო სესიის დაწყებამდე ვერ შეძლებს. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი კი უკვე 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

თუ ვერ მოხერხდა ცვლილების შეტანა და კანონი ამოქედდება სექტემბრიდან, რა პრობლემებს შეუქმნის ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ამ კითხვებით „ნეტგაზეთმა“ ორივე უწყებას მიმართა. მთავარ პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ხელმძღვანელი პირები მივლინებით იმყოფებიან აშშ–ში და უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კითხვას პასუხი ვერ გაეცემა.

 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განგვიცხადა:  

 

„სანამ მოწმის დაკითხვის ახალი წესი ამოქმედდება, აუცილებელია კანონმდებლობით დაზარალებულის ან მოწმის მიერ გამოძიებისათვის ხელის შეშლის დამცავი მექანიზმის ამოქმედება და ჩამოყალიბება. ამისთვის კი აუცილებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით შესწავლილი და გაანალიზებული იყოს დასავლური ქვეყნების გამოცდილება, ასევე, მოწმის დაკითხვის ამ ახალი წესის ამოქმედება  არის მნიშვნელოვანი სიახლე და არ შეიძლება განხორციელდეს ნაჩქარევად, ამიტომ აუცილებელია  მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ამისთვის კი უნდა შეიქმნას ექსპერტთა და სპეიალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს შედარებით სამართლებრივ კვლევას მოწმის დაკითხვის ინსტიტუტთან დაკავშირებით.  ეს ცვლილებები გააზრებული უნდა იყოს სისტემატურად“.

 

როგორც ნინო გიორგობიანი აცხადებს, დამატებითი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაკეთდება.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ერთ–ერთი ფუნდამენტური ნოვაციაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ სისტემაში, რომელიც დღეს გვაქვს.

 

„ძველმა ხელისუფლებამ, რომელმაც მიიღო ეს კოდექსი, ამ ნორმის ამოქმედება რამდენჯერმე გადადო.  ეს 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს, მაგრამ მთავრობას მიაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოები არ არიან მზად ამისათვის. მე ამაზე უფრო დეტალურად კომენტირება არ შემიძლია. თუ საგამოძიებო ორგანოები ამბობენ, რომ ამისთვის არ არიან მზად, ისინი უნდა მოემზადონ და შესაძლოა ამისთვის საჭირო გახდეს დამატებითი ვადის მიცემა“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ალექსანდრე ბარამიძემ.

 

მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის იანვარში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა 2013 წლის სექტემბრისთვის გადმოწია, საქართველოს მთავრობისთვის ცნობილი იყო, რომ საგამოძიებო სტრუქტურები ამ სიახლისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. კითხვას, რატომ ვერ მოემზადა მთავრობა ამ ცვლილებისთვის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა  შალვა თადუმაძემ რამდენიმე დღის წინ ასე უპასუხა:

 

“შეუძლებელი იყო ამ დროში სამართალდამცავების გადამზადება.  დრო არ იყო საკმარისი, გარდა ამისა, ამ ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გადამზადდეს ყველა გამომძიებელი, რომელიც მუშაობს სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ მათ შეძლონ საჯაროდ ბრალდებულისა და მოწმეების დაკითხვა”.

 

 

აღნიშნული არგუმენტები მიუღებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილისთვის. მან პრემიერ–მინისტრი რამდენიმე დღის წინ გააკრიტიკა ამ ინიციატივის გამო.

 

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილისთვის კი მიუღებელია არგუმენტები, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მოწმეთა დაკითხვის ახალი ინსტიტუტის ამოქმედების ვადის გადაწევის ახსნას.

 

„ეს არგუმენტები არის მიუღებელი. სირცხვილიც არის, როცა ამბობენ, რომ არ არიან მზად, შესაძლოა სულ თქვან, რომ არ არიან მზად. უნდა მოემზადონ და  აქამდეც უნდა ყოფილიყვნენ მზად. რა თქმა უნდა, ეს მათ შეუქმნის პრობლემას, რადგან ისინი ძირითადად დაკითხვაზე ამყარებენ  გამოძიებას, რომ მძევლად ყავდეთ ეს მოწმეები, რომ მათ სასამართლოზე ვერ შეცვალონ ჩვენება. ეს რომ მოისპობა, მათ გაურთულდებათ საქმე, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ მოქალაქეების უფლებები ნაკლებად იყოს დაცული. ეს გამოიწვევს გართულებას საგამოძიებო უწყებების მუშაობაში“, – მიიჩნევს გელა ნიკოლაიშვილი.

 

მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას დღეს, 15 ივლისს, 20–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა და უარყოფითად შეაფასა.

 

„საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი იცინიატივა ამ მიმართულებით მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს, რამეთუ დაკითხვის ძველი წესის, მოქმედების ვადის გაგრძელება ჩვენი შეფასებით არის სერიოზული დარტყმა შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესისათვის. მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი დაცვის მხარეს ბრალდებასთან შედარებით მკვეთრად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს, რითიც არღვევს მხარეთა თანასწორობისა და პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს“, – მიიჩნევს კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის, რომლის წევრები არიან საია, კონსტიტუციის 42–ე მუხლი, მრავალეროვანი საქართველო, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა და ა.შ.

 

 

კოალიციის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია არაერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ბრალდების მხარემ დაკითხვის სავალდებულო და სტრესული პროცესი გამოიყენოს მოწმეზე ზემოქმედებისათვის მისთვის სასარგებლო ჩვენების მისაღებად. ამავე დროს, სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას პირის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენების გადათქმამ და გამოძიების ეტაპისგან განსხვავებული ჩვენების მიცემამ მოწმის მიმართ, შესაძლოა, გამოიწვიოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

 

კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ გაიზიარონ ინიცირებული ცვლილება და ხელი შეუწყონ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაჯანსაღებას, პირველ რიგში, მხარეთა რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი