IDFI

IDFI: სამთავრობო ცვლილებები “ოდეერის” პრაქტიკის გაგრძელებაა

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს “ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტში” უარყოფითად აფასებენ. სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად, IDFI-ში  ფიქრობენ, რომ ცვლილებების არსებული სახით დამტკიცება ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის აღდგენის საფრთხეს ქმნის. ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის, ლევან ავალიშვილის თქმით, იდენტობის დაფარვის უფლების გავრცელება უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელზე უწყების კონტროლის შესაძლებლობას შეზღუდავს.

“თუ ვსაუბრობთ იმ ჩანაწერზე, რომელიც “ოდეერებს” უკავშირდება, ეს ჩანაწერი უკვე არსებობს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში და გულისხმობდა იმ ადამიანების იდენტობის დაფარვას, რომლებიც ქვეყნის გარეთ საიდუმლო მისიებისთვის მიემართებოდნენ. ამაში ლოგიკა იყო და ლეგიტიმური მიზანი იყო, მაგრამ ეს ჩანაწერი თუ მიიღეს, უფლებამოსილება გავრცელდება უსაფრთხოების თანამშრომლებზეც, რომლებიც ქვეყნის შიგნით მუშაობენ. სწორედ ამის გამიჯვნა იქნება რთული და იქიდან გამომდინარე, რომ საიდუმლო ინფორმაციაა, ვერავინ შეძლებს ამის გადამოწმებას. ეს კი გაგრძელებაა “ოდეერის” პრაქტიკის, რომელიც არც არის აღმოფხვრილი. ადრე ამასთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებები შევიდა კანონში, თუმცა ახალი ჩანაწერის აღმოფხვრის შემთხვევაში, ძველი პრაქტიკა სრულად აღდგება”, – აღნიშნა ლევან ავალიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული პუნქტი გადაიხედება, ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ ცალკეული ცვლილებები ვერ მოაგვარებს იმ დიდ პრობლემას, რომელსაც სუს-ისა და დაზვერვის სამსახურების გაერთიანება წარმოშობს. მისი განცხადებით, ერთიანდება ორი უწყება, რომელთაც ამ დრომდე გამჭვირვალობის სრულიად განსხვავებული მაჩვენებელი ჰქონდათ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დღეს არსებული კანონმდებლობა ძალიან ცოტა ბერკეტს ტოვებს იმისთვის, რომ მოხდეს უწყების საპარლამენტო კონტროლი. სამოქალაქო კონტროლზე საუბარიც არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ეს, პრინციპში, წარმოუდგენელია მისი შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით იყო სრულიად გამჭივრვალე, განსხვავებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან. [ამ უკანასკნელზე] ძალიან  სუსტია საპარლამენტო კონტროლი და ეს არა მხოლოდ  არასამთავრობო სექტორის, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მოსაზრებაა”.

მუხლმა, რომელიც სუს-ის თანამშრომლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სუს-თან კუთვნილების გამჟღავნების გარეშე მუშაობის უფლებას ანიჭებს, კრიტიკა გამოიწვია როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.  თუმცა, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, კანონში დაზუსტდება, რომ ჩანაწერი მხოლოდ დაზვერვის განყოფილების თანამშრომლებს შეეხებათ.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან