საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვები სავარაუდოდ დღეს დასრულდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ორგანოებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო სახალხო განხილვის საჭიროება აღარ არსებობს.

“ალბათ, ეს იყო ბოლო შეხვედრა. თუ ამის მერე კონკრეტული კითხვები კიდევ დაისმება და რაიმე ფორმულირება კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან იქნება ცალკე შემოთავაზებული, შეიძლება დაემატოს შეხვედრა, თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო ბოლო შეხვედრა,” – ამბობს მდინარაძე.

დღეს იუსტიცის მინისტრმა საკონსტიტუციო კომისიას შესთავაზა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლით გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტია და ხარისხი.

მამუკა მდინარაძის თქმით, თეა წულუკიანის შეთავაზებაზე საკონსტიტუციო კომისიის შიგნით იმსჯელებენ, ხოლო აისახება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მუხლში, საბოლოოდ, განაცხადებენ ამის შესახებ.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის არდასწრება დღევანდელ განხილვაზე, მდინარაძე პასუხობს: “პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი არის იმ ბოიკოტირების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ისინი აწარმოებენ მთელი წლის განმავლობაში კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ.”

დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა კონსტიტუციურ ორგანოებთან გაიმართა. განხილვაში მონაწილეობას არ იღებდნენ ოპოზიციის და პრეზედენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ უმრავლესობამ მიიღო ერთპარტიული კონსტიტცია, რომელიც საკუთარ თავზე მოირგო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.