ბიბილოვი: გიუნაშვილის შეწყალება ჩვენი კეთილი ნებაა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის შეწყალება და აფხაზური მხარისთვის გადაცემა მათი მხრიდან კეთილი ნების გამოხატვაა.

“ჩვენ ყველას გვახსოვს, 2016 წელს აფხაზურმა მხარემ როგორ მიაღწია იმ შედეგს, რომ ჩვენთვის ის მოქალაქეები დაებრუნებინათ, რომლებიც საქართველოში სასჯელს იხდიდნენ. ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზი დიპლომატების ძალისხმევით დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. ახლა კი ჩვენ  აფხაზეთის ხელისუფლება მოგვმართვას დახმარების თხოვნით საქართველოს ციხიდან აფხაზეთის მოქალაქის დაბრუნების შესახებ. ვფიქრობ, ეს თხოვნა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან კეთილი ნების ჟესტია”, – ციტირებს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს წევრებისადმი ბიბილოვის მიმართვას ოსური გამოცემა “რესი”.

შესაბამისად, დღეს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელისუფლებო დელეგაცია, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით, ცხინვალში იმყოფებოდა, გიორგი გიუნაშვილის შეწყალების აქტს ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა და გათავისუფლებული პატიმარი, ჰუმანიტარულ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებში აფხაზეთის წარმომადგენელს, ზურაბ ლაკერბაიას გადასცა,  რომელმაც თავის მხრივ გიუნაშვილი ქართულ-ოსურ საგუშაგოზე ქართულ მხარეს გადასცა.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი გიუნაშვილი ვინმეს გადაცემის სანაცვლოდ შეიწყალეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.

“ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება,  ასევე,  როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია  სამშვიდობო პროცესში. რომელიც  როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში, პოზიტიურად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე”, – ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში.

ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა პატიმრები 2016 წლის 10 მარტსაც გაცვალეს. მაშინ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პირადად მონაწილეობდა მხარეებთან პატიმართა გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებში და უშუალოდ გაცვლის პროცესშიც. იმ დღეს ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

თავად გიორგი გიუნაშვილი პირველ არხთან საუბარში, ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და გაცვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

2016 წლის ივნისში დაკავებული, გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. გიუნაშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ რამდენიმე მუხლით გაასამართლა, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში დაადანაშაულა და 20 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. მისი გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM) განიხილებოდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი