შს მინისტრი: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისში ადგილი ჰქონდა საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტს, თუმცა 21-22 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის საბოლოო კვალიფიკაციას განსაზღვრავს პროკურატურა, რაც მინისტრის თქმით, “ამ დღეებში გახდება ცნობილი”.

“ეს იყო [ტერორიზმის] მცდელობა, კვალიფიკაციას დღეს ახორციელებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოები და უნდა დაველოდოთ ამას ყველაფერს. ამ დღეებში ეს ყველაფერი იქნება ნათელი.

მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც [გამოძიება], ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ გამოძიებას”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოკლულებს შორის არის ახმედ ჩატაევი და ბინაში ასევე იმყოფებოდნენ ქალი და ბავშვები.

“ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები. იმისთვის, რომ შინაარსობრივად ვიმსჯელოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავებს გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა და, შესაბამისად, მათ დაიწყეს სპეცოპერაცია.

“ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არა აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტულ მსჯელობაზე, ალბათ, ჯობია, რომ თავი შევიკავოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლას, აფეთქებებს, ხანძარს, შედეგად, მოკლეს 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. თუმცა, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, ამ დრომდე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ განუცხადებია, არც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლის შესახებ განუცხადებია ძალოვან უწყებებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი