ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტში ტერმინი “სოლიდარობა ოჯახში” დაამატეს

21 ნოემბერი, 2017 • 2631
სომხეთში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტში ტერმინი “სოლიდარობა ოჯახში” დაამატეს

2017 წლის 16 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი “ოჯახში ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პირთა დაცვის, ასევე, ოჯახში სოლიდარობის აღდგენის შესახებ”. კანონპროექტი განსახილველად სომხეთის პარლამენტს უახლოეს დღეებში გაეგზავნება.

ცვლილებები კანონპროექტში, მათ შორის ტერმინი “სოლიდარობა ოჯახში”, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა კრიტიკის შემდეგ შეიტანეს. მანამდე კანონპროექტის სახელწოდება იყო “ოჯახში ძალადობის შეჩერება და ოჯახში ძალადობისგან დაცვა” .

“შეცვლილი კანონპროექტი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ეს არ არის ის, რასაც მოვითხოვდით – ოჯახში ინდივიდუალური უფლებების დაცვას. როგორც აღმოჩნდა, ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ადამიანის უფლებები”, – განუცხადა ნეტგაზეთს ზარუი ჰოვანისიანმა, უფლებადამცველმა და “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” კოალიციის კოორდინატორმა.

ჰოვანისიანის განმარტებითვე, კანონპროექტში კონცეპტუალური ცვლილებები შევიდა და პიროვნების დაცვა შეიცვალა ოჯახში სოლიდარობის აღდგენით, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის სამართლებრივი განმარტება. ამასთან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ფორმულირებებს.

“ტერმინი “ოჯახში სოლიდარობის აღდგენა” სასაცილოა, გაურკვეველიც, რას ნიშნავს “სოლიდარობა” და ვინ ადასტურებს ამას? ეს არის ის დათმობა, რომელზეც სომხეთის იუსტიციის სამინისტრო წავიდა იმ ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში ამ კანონპროექტს აკრიტიკებდა”.

როგორც უფლებამდამცველი ამბობს, მსგავსი სცენარი იყო 2013 წელს “გენდერული თანასწორობის” შესახებ კანონის მიღების დროსაც, როდესაც კანონპროექტის სახელწოდება შეცვალეს და “ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებების შესაძლებლობების შესახებ” კანონპროექტად გადააკეთეს.

“ჩვენ მოვითხოვთ, კანონპროექტს ძველი სახელწოდება დაუბრუნონ და ის ცვლილებები არ შეიტანონ, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება”, – აცხადებს ზარუი ჰოვანისიანი.

რამდენიმე კვირის წინ სომხეთში“ოჯახში ძალადობის  შესახებ კანონპროექტის განხილვას კვლავ დაუბრუნდნენ.

დღესდღეობით სომხეთში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მიღებას. წლების წინ აღნიშნული კანონი სომხეთში სწორედ ამ საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მოსაზრების გამო არ მიიღეს.

ფოტო: ზარა ჰოვანისიანის ფეისბუკიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი