ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ არ იღებენ სომხეთში კანონს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

10 მარტი, 2017 • 2717
რატომ არ იღებენ სომხეთში კანონს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

“ყოველ ჯერზე, როდესაც ქმარი და დედამთილი მცემდნენ, სახლიდან მივდიოდი და საათობით ქუჩაში დავდიოდი, შემდეგ ისევ სახლში ვბრუნდებოდი. პოლიციას სამჯერ მივმართე, პასუხი ერთი და იგივე იყო: შეეგუე. მოდიოდა ხოლმე უბნის ინსპექტორი და ისევ მე მადანაშაულებდა – ენას კბილი დააჭირე და ნუ აქეზებო. როცა საკუთარი თავის დაცვას ვცდილობდი,  მიყვიროდნენ: აი, ისევ იგივეს აკეთებ, ამიტომაც გცემენო”, – გვიყვება ნონა სტეფანიანი [სახელი და გვარი შეცვლილია].

ნონა დარწმუნებულია, რომ პოლიცია მიკერძოებულია, სუბიექტური: იქ ყოველთვის კაცის მხარეს არიან და მხოლოდ მას იცავენ. ამბობენ: ეს ოჯახში არსებული კამათია და უკან გიშვებენ.

“სხვა დროს აღარ მივმართავ მათ. თუკი მე, დალურჯებებით მთელ სხეულზე, დასისხლიანებული, რომელიც დახმარებისთვის მივმართავ, მეუბნებიან, რომ მხოლოდ ოჯახში გასარჩევი საქმეა ეგ, რაღა აზრი აქვს მათთან მისვლას?”

ნონა შვიდი წელია ქორწინებაშია. ორი, 3 და 6 წლის შვილი ჰყავს. ოჯახი უკიდურესად მძიმე სოციალურ  პირობებში ცხოვრობს. დახმარების თხოვნაზე, ქალის მამამ შვილი ამ სიტყვებით მოიშორა: გათხოვდი და ეს იმას ნიშნავს, რომ უკან დასახევი გზა აღარ გაქვს.

ნონას დღეს წასასვლელი არ აქვს, არც სამსახური. როდესაც ვინმე სახლის ან ოფისის დასალაგებლად ეძახის, რაც ცოტაოდენი ფულის შოვნის საშუალებაა მისთვის, შვილების დამტოვებელსაც ვერ შოულობს.

ნონა ფიქრობს, რომ მის მსგავს ქალებს სახელმწიფო მაინც უნდა ეხმარებოდეს.

“აი, რა ვქნა. ხიდიდან მდინარეში გადავხტე თუ რა? მერე ჩემი შვილები? ზოგჯერ მგონია, რომ მხოლოდ მე ვარ მსხვერპლი. ამ ქვეყანაში არავინ დაიცავს ჩემს უფლებებს”

[red_box]ტრადიციები ადამიანის სოცოცხლის ფასად[/red_box]

სომხეთში პოლიციის უმოქმედობას ტრაგედიებამდე მივყავართ. ამას სტატისტიკაც მოწმობს. 2010-2015 წლებში, მკვლელობამდე, 30-მა ცოლმა მიმართა პოლიციას. თითოეულ ამ შემთხვევაში მათი მიმართვა უგულებელყოფილი იყო. პოლიცია მსგავს სიტუაციებში, ხშირად ეყრდნობა იმას, რომ სომხეთში არ არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი.

თუმცა, სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მრჩეველის, ბაგრატ ღაზინიანის განცხადებით, მსგავს შემთხვევებში პოლიცია მოქმედი კონსტიტუციითა და ოჯახის კოდექსით ხელმძღვანელობს:

“სხვა საქმეა, როდესაც არსებობს შემთხვევები, როდესაც პოლიცია საკმარისად ვერ ერევა, სწორედ ამიტომ, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტი არსებობს, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს”.

საქმე იმაშია, რომ, როგორც კი სამინისტროს ვებ-გვერდზე კანონის პროექტი გამოქვეყნდა, საზოგადოების საკმაოდ დიდმა კონსერვატორულმა ნაწილმა მისი კრიტიკა დაიწყო. ბევრის მიერ ის ინტერპრეტირებულია, როგორც კანონი, რომელიც ოჯახის ტრადიციების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც “გარე”  ძალების მიერ ფინანსდება და ტრადიციულ ოჯახების საფუძველს დაწყისშივე საფრთხეს უქმნის.

აღნიშნული პროექტის კრიტიკა სოციალურ ქსელებშიც გაგრძელდა. კანონპროექტი წარმოაჩინეს, როგორც აპოკალიფსი. საბოლოო ჯამში, კანონის პროექტი სამინისტროს ვებ-გვერდიდან წაშალეს.

კითხვაზე, რატომ მიიჩნია საზოგადოების დიდმა ნაწილმა საფრთხედ, სამინისტროს წარმომადგენელი ბაგრატ ღაზინიანს პასუხი უჭირს, თუმცა, ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. ბაგრატ ღაზინიანი აცხადებს, რომ საზოგადოების პრობლება ამავე დროს, მის ცნობიერებაშია და მის შეცვლას დრო სჭირდება.

კონკრეტულად კანონის შესახებ კი, ამბობს, რომ მის ფარგლებში პოლიციის უფლებამოსილება გაფართოვდება: კანონის დახმარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევები უნდა  შემცირდეს. თუმცა, კანონის მიღება მაინც ვერ იქნება იმის გარანტია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ იქნება.

“თუ ოჯახში ძალადობაა, მაშინ მსხვერპლი დაცული უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში საჭიროა მექანიზმების შემუშავება. ამ შემთხვევაში ეს მაქანიზმი სწორედ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონია”.

კოალიცია “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” კოორდინატორის, აქტივისტის, ზარა ჰოვჰანნისიანის განმარტებით, როდესაც სომხეთის პოლიტიკურმა მმართველებმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის შემუშავების პროცესი დაიწყეს, იმედი გაჩნდა, რომ ამ სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დაიწყებოდა განხილვები, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციებმა შეიმუშავეს კანონპროექტი ოჯახში ძალადობის საკითხზე 2009 წელს.

კანონპროექტზე რამდენიმეთვიანი მომზადების პროცესში, სამინისტროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან განხილვები არ ჰქონია, რამაც განაპირობა ის რომ თავდაპირველი კანონპროექტის არსი შეიცვალა და შესუსტდა.

“შესაბამისად, შემუშავებულ კანონპროექტში “ოჯახში ძალადობის შეჩერებისა და მასთან ბრძოლის შესახებ” არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები. კერძოდ, კანონი დაფუძნებული უნდა ყოფილიყო გენდერულ აღქმაზე, განსაკუთრებულ მიდგომაზე ოჯახში ძალადობის მხვერპლის მიმართ და  ასევე, ანტიდისკრიმინაციულ პრინციპებზე”, – ამბობს ზარა ჰოვჰანნისიანი.

ზარა ჰოვჰანნისიანი დარწმუნებულია, რომ კანონით გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, ასევე, დაშინებაზე მიმართული ქცევის, მუქარის შემთხვევებზე. აღნიშნული კანონითვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი საკოორდინაციო ორგანოს შექმნა, რომელსაც ამ ორგანოს მიერვე არჩეული ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს. გარდა ამისა, კანონი გათვლილი უნდა იყოს  როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, რეგიონული დონეების ჩართულობაზე; კანონი არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. კანონში განსაკუთრებით უნდა იყოს გათვალისწინებული ის შემთხვევები, როდესაც ძალადობა ბავშვებსა და შშმ პირთა მიმართ ხორციელდება.

“ეს ყველაფერი არ არსებობდა კანონპროექტში, როდესაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მისცეს განსახილველად და იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განათავსეს. არც ახლაა ის ხელმისაწვდომი და არ ვიცით, როგორი ფორმითაა ის ამჟამად წარმოდგენილი. ასევე არ ვიცით, როდის განთავსდება კვლავ სამინისტროს პორტალზე და იქნება თუ არა საყოველთაო განხილვის საგანი”, – ამბობს ზარა ჰოვჰანნისიანი.

კითხვაზე, შეუწყობს თუ არა ხელს სომხეთში ოჯახში ძალადობის რიცხვის შემცირებას აღნიშნული კანონის მიღება, ზარა ჰოვჰანნისიანი ამბობს, რომ ეს მრავალმხრივი პრობლემაა:

“ოჯახში ძალადობა და უფრო ფართოდ აღებული გენდერული ძალადობა – გლობალური პრობლემებია და მხოლოდ ერთი პროექტით, ერთი კანონით მისი შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, აღნიშნულ კანონს აქვს პრევენციის მიზანი და უფრო მეტად იმაზეა გათვლილი, რომ გააფრთხილოს ადამიანები, ვინაიდან იმ მექანიზმებსა და მომსახურებებს, რომელიც უნდა იყოს კანონმდებლობაში, შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სისხლის სამართლის დანაშაულებათა რიცხვი, ამავდროულად, განავითაროს სოციალური სამსახურები, რომლებიც დღეს სომხეთში განვითარებული არ არის. ასევე, ძალადობის ნიშნების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენის შემთხვევებში, სამუშაოები უნდა წარიმართოს როგოროც მსხვერპლთან, ასევე მოძალადესთან”.

[red_box]რა უშლის ხელს სახელმწიფოს კანონის მიღებას[/red_box]

სომხეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლისგან განსხვავებით, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია კანონთან დაკავშირებით, არაინფორმირებულობითაა გამოწვეული, ზარა ჰოვჰანნისიანი სხვა ტიპის მიზეზებზე საუბრობს:

“მსგავსი კანონები მიმართულია საზოგადოებისა და ადამიანის ღირსების შესახებ წარმოდგენების შეცვლისკენ. ამ მხრივ, დღეს სომხეთში არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც კონსერვატორული წარმოდგენები აქვთ, ან დასავლეთის ღირებულებების წინააღმდეგი არიან. ხშირად, მსგავსი დაკვეთილი “შეტევები” თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა წინააღმდეგაა მიმართული”.

ჰოვჰანნისიანი ასევე ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ვებ-გვერდიდან, სამინისტრომ საზოგადოებრივი აზრით სპეკულირებით წაშალა.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში ძალიან ბევრ სახელმწიფო გადაწყვეტილებას წინ  საზოგადოების პროტესტი უძღვოდა. იმართებოდა მრავალრიცხოვანი მიტინგები. რატომღაც თავის დროზე, არცერთი ეს პროტესტი არ გაუთვალისწინებია სახელმწიფოს.  დღეს კი, გვეუბნებიან, რომ ამ წინააღმდეგობისა და ხალხის ხმების გამო იძულებული არიან კანონპროექტი ვებ-გვერდიდან წაშალონ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. უბრალოდ, ადამიანის ღირსების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოების ახალი სტრუქტურის რეფორმა, პირველ რიგში, ძალოვანი მეთოდებით მმართველი სისტემის ინტერესში არ არის”.

სომხეთის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთადერთია, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ილუსტრაცია გამოცემიდან "Femicide in Armenia: A Silent Epidemic" /COALITION TO STOP VIOLENCE AGAINST WOMEN 2016

ილუსტრაცია გამოცემიდან “Femicide in Armenia: A Silent Epidemic” /COALITION TO STOP VIOLENCE AGAINST WOMEN
2016

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი