ნუ მიყურებ! ნუ მაშტერდები! ნუ მავიწროებ!

“ბარში, სადაც ვმუშაობდი, ერთი კაცი დადიოდა. თავიდან არ ლაპარაკობდა: ლუდს იღებდა და იჯდა. რამდენჯერაც გავიდოდი, მაშტერდებოდა, დაჟინებით მიყურებდა. ძალიან ვწუხდებოდი, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რომ ეს უბრალო ყურადღება არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოშტერება არასასიამოვნო და დამთრგუნველი იყო, ვერაფერს ვეტყოდი უბრალოდ ყურებისთვის,” – იხსენებს მარიამი, თუ როგორ ავიწროებდა მუდმივად კაცი იქამდე, სანამ საქმეში პოლიცია არ ჩაერთო.

ადამიანებს შორის ურთიერთობა ხშირად მზერით იწყება. უფრო მეტიც – კვლევაც კია ჩატარებული იმაზე, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან თვალებით კონტაქტი და სიყვარული: ირკვევა, რომ რამდენიმეწუთიანი თვალებში ყურება ზრდის იმის შანსს, რომ მზერის ადრესატი შეგიყვარდეთ.

თუმცა მზერა მხოლოდ სიყვარულთან კავშირში არაა და მან შეიძლება მსხვერპლად აქციოს ადამიანი. მზერამ თავი შეიძლება დამცირებულად, შეურაცხყოფილად გაგრძნობინოთ, შესაძლებელია ისიც, რომ პანიკაში ჩავარდეთ, შფოთვა დაგეწყოთ, ვერ კონცენტრირდეთ თქვენს თავზე, ქცევაზე, სამუშაოზე, იძულებული გახდეთ დატოვოთ კონკრეტული სივრცე და სხვა.

“დიდი ხანია მზერა ძალაუფლებასთან კავშირში განიხილება – ერთია გაცვლითი, ორმხრივი მზერა და მეორეა ძალაუფლებრივი მზერა, რომელიც გიპყრობს, ბატონობს, გაუპატიურებს, გაშინებს “,- ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განიხილავს “ქალთა მოძრაობის” მიერ მომზადებულ პეტიციას, რომელიც ქვეყანაში სექსუალური შევიწროების აკრძალვას ითხოვს. პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ მიშტერება არის სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმა. მიშტერებას სექსუალური შევიწროების ფორმად განიხილავს გაეროც. თუმცა საქართველოში ამ საკითხმა ზოგიერთი ადამიანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა – “იქნებ თვალი გამექცა?!” კითხულობენ “ფეისბუქით” გამოქვეყნებულ პოსტებში კაცებიც და ქალებიც.

“ვინმეს თუ უნდა, რომ ძალიან ბევრი იხუმროს ამ საკითხზე, ყოველთვის მონახავს თემას, რეალურად, ეს არ არის სახუმარო საკითხი, ჩვენ ვიცით არაერთი კვლევით, რომ [მიშტერება] ძალიან სერიოზული სტრესის გამომწვევია ქალებში: ზოგი სამსახურიდან მიდის, თავს ანებებს სწავლას და ა.შ. არ არის  მსუბუქი საკითხი, თუმცა შეიძლება, რომ ძალიან მძიმე საკითხზეც არასერიოზულად ილაპარაკო და იხუმრო. თავიდან, ძალადობაზე რომ დავიწყეთ მუშაობა, იმაზეც გვეუბნებოდნენ, რომ რა მოიგონეთ? გრანტი გაქვთ დასახარჯი, თორემ საქართველოში სად არსებობს ქალის მიმართ ძალადობაო?! ახლა  ეს მიშტერება გაუხარდათ”,- ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი.

სექსუალური შევიწროების ნებისმიერი გამოვლინების დრო ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეს ქცევა, ამ შემთხვევაში მიშტერება, არასასურველია ერთ-ერთი ადამიანისთვის:

“თუ შენ ამ მზერის შედეგად ხარ უხერხულ მდგომარეობაში, ვეღარ ასრულებ შენს საქმეს, კონტროლს კარგავ შენს ქცევაზე, ცუდად გრძნობ თავს, ამოვარდნილი ხარ შენი ნორმალური რუტინიდან და თვითრეალიზაციას ვერ ახერხებ, მაშინ არის ეს პრობლემა, თორემ, მე თუ მომწონს, რომ მაშტერდებიან და იმასაც მოსწონს და ორმხრივად ვშტერდებით, არ არის პრობლემა. როდესაც ვსაუბრობთ შევიწროებაზე, ყოველთვის უნდა ამოვიდეთ მსხვერპლის პოზიციიდან”,- ამბობს თამარ საბედაშვილი.

ბაია პატარაია, ქალთა ორგანიზაციის, “საფარის” ხელმძღვანელი და პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, განმარტავს, რომ სახეზე უნდა გვქონდეს სამი კომპონენტი, სექსუალურ შევიწროებაზე რომ ვისაუბროთ, იქნება ეს მიშტერებით თუ სხვა ფორმით გამოხატული.

ადამიანების ურთიერთობაში ყველაფერს არ აქვს სექსუალური შინაარსი, ამიტომ, თუ სექსუალურ შევიწროებაზე ვსაუბრობთ, მოშტერებას უნდა ჰქონდეს სექსუალური შინაარსი, მაგალითად, გიყურებდნენ მკერდზე, გენიტალიებზე და სხვა. მნიშვნელოვანია დრო, თუ რა ხანგრძლივობით გიყურებთ ვინმე.

“ასევე, როდესაც ამბობენ, რომ “მიყურებს და თვალებით მხდის”, შეიძლება თვალებში გიყურებდეს ადამიანი, მაგრამ ძალიან გამოწვევად”,- ამბობს პატარაია.

მზერითი შევიწროება  თბილისში ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ლამის ყოველდღე იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა მეცვა- მოკლე კაბა, შარვალი. ეს ხდებოდა ყველგან, ტრანსპორტში, უფრო ხშირად მეტროში, ქუჩაში სიარულისას. მოგაშტერდება ვიღაც და გრძნობ, ნერწყვი მოსდის და არ იცი ამ დროს სად წახვიდე, უხერხულად გრძნობ თავს, რადგან აშკარად ვიღაც გიყურებს და გრძნობ, როგორ გაშიშვლებს მზერით და ფაქტობრივად შენთან სექსი აქვს ასე მზერით. ისეთი ინტენსიურია ეს მზერა, რომ იქით გაგახედებს. ერთ მუშტად შეგკრავს და სადმე დამალვას გაიძულებს”,- ამბობს თამარ ფარადაშვილი.

მეორეა ფაქტორია, რომ ეს ქცევა, ამ შემთხვევაში მზერა, არასასურველი უნდა იყო ადამიანისთვის, ვისკენაც ის მიემართება:

“თუ ადამიანი გეუბნება – ნუ მიყურებ, ასე ნუ მიყურებ ან საერთოდ ნუ მიყურებ, უნდა შეწყდეს ეს ქცევა”,- ამბობს ბაია პატარაია.

მესამე პირობაა, რომ ამ ადამიანმა, ვისკენაც ეს მზერა მიემართება, თავი იგრძნოს შეურაცხყოფილად, დამცირებულად.

იმას, რომ მზერა მნიშვნელოვანია, ამტკიცებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც მექსიკაში, მეტროში გამოფენილ მონიტორებზე აჩვენებდა ბაქანზე მყოფი კაცების საჯდომებს ახლო ხედით, რათა ეგრძნოთ, თუ რას განიცდიან ქალები დაჟინებული მზერით.

შესაძლებელია თუ არა დავამტკიცოთ, რომ მიშტერება სექსუალური შევიწროების გამოვლინებაა

სანამ უშუალოდ მიშტერების დამტკიცების შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სექსუალური შევიწროების ყველაზე რთული ფორმებიც კი რთულად დასამტკიცებელია. ევროკომისიის მიერ 2011 წელს მომზადებული ანგარიში, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ წევრი ქვეყნების პრაქტიკას მიმოიხილავს, ამბობს:

“სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით რთულია დასამტკიცებლად, რადგან იშვიათად არსებობენ თვითმხილველები”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

მეორე მხრივ, როგორც თამარ საბედაშვილი ამბობს, სექსუალური შევიწროების ბუნება ისეთია, რომ ის მხოლოდ ერთი ფორმით თითქმის არასდროს არ გამოიხატება და კომპლექსურია. მიშტერებას და დაჟინებულ მზერას თან ახლავს შეხებაც, მიმოწერაც, ან სტვენაც, რაც შესაძლებელს ხდის დანაშაულის დამტკიცებას:

“სექსუალური შევიწროება ერთი ფორმით არ გამოვლინდება, კომპლექსური ხასიათისაა, ეს შეიძლება იყოს სექსისტური კომენტარი, შეხედვა, ხელის ფათური, შეურაცხმყოფელი რეპლიკები. რომ გითხრათ, რომ ვინმე ერთი ფორმის გამო ოდესმე დასჯილა, ეს არ იქნება რეალობასთან ახლოს. ძალიან ძნელი იქნება ამის დამტკიცება, რადგან დაფარული პრობლემაა”,- ამბობს საბედაშვილი.

მარიამ გიუნაშვილიც გვიყვება, რომ ბარში სექსუალური შევიწროების შემთხვევა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ყურებით:

“ყურებით დაიწყო, შემდეგ გადავიდა შეურაცხყოფაზე და მუქარაზე. მოულოდნელად მითხრა, რომ მაგარი გასაჟიმი ვიყავი, რაზეც კანკალი დამაწყებინა, შემდეგ პატრულთან ახსნა, როგორც კომპლიმენტი და პატრულმაც ასე მოიხსენია. ცალკე პატრულთან მომიწია ჩხუბი, რომ კომპლიმენტებზე არ მაკანკალებს და ფეხებში არ ვიკეცები. შემდეგ, როცა იმ კაცს სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვება ვთხოვე, დამემუქრა, რომ აუცილებლად მოვიდოდა ისევ”,- იხსენებს მარიამი.

სექსუალური შევიწროების გამოვლენისთვის ბრიტანეთში ასეთი პროექტი განახორციელეს: ყოველდღიურად 120 პოლიციელი იყო ჩართული პროექტში, რომლებიც ყოველ კვირას მინიმუმ 15 ადამიანს აკავებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების გამო. ამ პროექტის დაგეგმვის მიზეზი გახდა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, ქალების 15% საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო, მაგრამ შემთხვევების 90%-ის დროს ამის შესახებ არ აცხადებდნენ.

არსებობს სასამართლო დავაც, რომელიც მზერით სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. ეს 2001 წელს მოხდა: მიშელ ბერშტეინი სამუშაო ადგილზე გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მისმა თანამშრომელმა 4-ჯერ შესთავაზა პაემანზე წასვლა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ ჯორჯ ბონილი კვლავ მივიდა მიშელთან და უთხრა, რომ მისი “შეჭმა” სურდა. ეუბნებოდა, რომ მის ფანტაზიებში აბაზანას ერთად იღებდნენ და მსგავსი შინაარსის ტექსტებით ესაუბრებოდა, რის საპასუხოდაც ბერშტეინი უყვიროდა და მოითხოვდა, რომ მარტო დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ბერშტეინმა ზემოთ აღნიშნული ქცევების შესახებ უფროსს შეატყობინა, შემვიწროებელმა ტაქტიკა შეცვალა და ყურება დაიწყო. ყოველდღიურად, ჯორჯ ბონილი რამდენიმეწამიანი დაჟინებული მზერით უყურებდა ბერშტეინს, რაც 6 თვე გრძელდებოდა.

საბოლოოდ საქმე სასამართლომდე მივიდა. პირველმა ინსტანციამ ბონილი არ ცნო მოძალადედ, თუმცა ბერშტეინმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ “ბონილის ადრინდელი ქცევების გათვალისწინებით, მიშტერებების დაუსრულებელ სერიას უნდა მიეცეს სექსუალური შევიწროების კვალიფიკაცია”.

თამარ საბედაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ სამართლებრივი დავის პრაქტიკა არ არსებობს, ძალიან რთული იქნება შევიწროების დამტკიცება. თამარ საბედაშვილს იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ რატომაა მაშინ მნიშვნელოვანი აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება:

“დაცვით ზომებს, კანონში შემოტანას  და ასე შემდეგ აქვს პრევენციული დანიშნულება, უფრო მეტად, ვიდრე დასჯას. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, ეს არ არის მისაღები ქცევა, არ ჩაივლის რეაგირების გარეშე და ამას გარკვეული სოციალური ფასი აქვს, რომელიც უნდა გადაიხადო. დღემდე ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კაცი თვლის, რომ რა მოხდა მერე, აქეთ გაუხარდეს ქალს, თუ ასე გავაკეთე. ვერ ხვდებიან, რა დააშავეს და დაშავებად ქცევა აღიქმება, არის თუ არა სადმე დარღვევა სამართლებრივად აღწერილი”.

სამწუხაროდ, ადამიანის ნაწილი მიშტერებას და დაჟინებულ მზერას ხშირად განიხილავენ, როგორც ქალისთვის სასურველ ქცევას. საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ამჟამად კი “პოსტ TV-ის” აღმასრულებელმა პროდიუსერმა ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუკში სექსისტური პოსტი გამოაქვეყნა:

“სხვანაირად” რომ შეხედოს მამაკაცმა, მაგისთვის იკლავს თავს ქალი – დიეტობს, ვარჯიშობს, დადის სპასალონებში, უკანასკნელს იხდის “შმოტკაში” და ვიღაცას მოუნდა, ეს შეხედვა დასჯადად გმოაცხადოს. დარწმუნებული ვარ, შეუხედავი ქალების მოფიქრებულია ეს ისტერია”.

პეტიცია, რომელიც სექსუალური შევიწროების აკრძალვას ითხოვს საქართველოს პარლამენტისგან, გენდერულ საბჭოს გადაეცა განსახილველად. ჯერ არ არსებობს კანონპროექტი, მაგრამ ბაია პატარაია ამბობს, რომ კანონში არ იქნება კონკრეტულად გაწერილი მიშტერება, სტვენა და შევიწროების სხვა ფორმები. კანონის ჩანაწერი იქნება ზოგადი, ასე მაგალითად: “ნებისმიერი სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედება, რომელიც იწვევს დამცირებას, მტრული გარემოს შექმნას”.

ასევე, ვიცით, რომ სექსუალური შევიწროება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და სახდელები მისი დამტკიცების შემთხვევაში იქნება მსუბუქი – ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო, შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც, მაგრამ ეს იქნება მოკლე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com