ახალი ამბები

დაისჯება თუ არა სექსუალური შევიწროება?-პეტიციას გენდერული თანასწორობის საბჭო განიხილავს

7 ნოემბერი, 2017 • 2510
დაისჯება თუ არა სექსუალური შევიწროება?-პეტიციას გენდერული თანასწორობის საბჭო განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, “ქალთა მოძრაობის” მიერ სექსუალური შევიწროების ამკრძალავი პეტიცია განსახილველად გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაეცა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება შინაარსობრივი განხილვები და საბოლოოდ რაზე შეჯერდებიან დეპუტატები.

დღეს საქართველოში  სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად, ამიტომაც “ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა  და პარლამენტს მიმართა. კომიტეტის სხდომაზე აღმოჩნდა, რომ კომიტეტის წევრები იზიარებენ “ქალთა მოძრაობის” ხედვას:

“ის პათოსი და ის იდეა, რაც წარმოდგენილია პეტიციაში, ჩვენ ამას, როგორც პრინციპს, ვიზიარებთ. ვიზიარებთ იმასაც, რომ არა მარტო შრომის კოდექსში უნდა მოხდეს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ადამიანების დაცვა, უმეტესად ქალების- როგორც სამსახურში, ისე საჯარო სივრცეში. კომპლესურად ამ პრობლემას ვხედავთ და ვაცნობიერებთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოში რა ხდება – ძალიან ბევრმა აღიარა, რომ ან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო, ან შემვიწროებელი. ჩვენც უნდა დავინახოთ ახალი მექანიზმები, როგორ შეიძლება უმეტესად ქალები, მაგრამ არა მარტო, დავიცვათ სექსუალური შევიწროებისგან”,- ამბობს კომიტეტის წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

პეტიციის შინაარს და მოთხოვნებს იზიარებს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც. მისი თქმით, არ შეიძლება სექსუალური შევიწროების, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმის მიმართ შემწყნარებლები ვიყოთ:

“თუ ადამიანს შინაგანი რწმენა არ აქვს, რომ თავი შეიკავოს მსგავსი საკითხებისგან, მსგავსი ქმედებებისგან, უნდა დავეხმაროთ სანქციებით, რომ ასეთ რაღაცებზე შიში მაინც ჰქონდეთ ადამიანებს, რომ თუ სექსუალურად შეავიწროვებენ ადამიანს, მათ პასუხი მოეთხოვოთ ასეთ ამორალურ საქცილზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა სრულად გასაზიარებელია. რადგან გენდერული საბჭო არსებობს, რომელიც გენდერის თემაზე არის ორიენტირებული, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ საბჭოს გავუგზავნოთ განსახილველად და იმ ფორმატში ვფიქრობთ, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნება ამ საკითხის განხილვა”,- ამბობს კილაძე.

გენდერული თანასწორობის საბჭო 2010 წლიდან პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის მიზანიც გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.  საბჭოს 17 წევრიდან 14 ქალია, ხოლო 3- კაცი.

მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის წევრებმა პეტიციის შინაარსი და მოთხოვნები გაიზიარეს, კომიტეტზე სკეპტიკოსებმაც გამოთქვეს მათი პოზიცია, მაგალითად, დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ იკითხა, ხომ არ აჩენს ეს პეტიცია პროვოკაციის რისკს.

პეტიციაში განმარტებულია, რა მოიაზრება სექსუალურ შევიწროებად სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება, ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა.

კომიტეტზეც ითქვა, რომ სექსუალური შევიწროების განმარტება ევროდირექტივის მიხედვით მომზადდება. ევროდირექტივის თანახმადაც, სექსუალურ შევიწროებად მოაზრება როგორც ვერბალური, ისე არავერბალური კომუნიკაციაც:

„შევიწროებაა არასასურველი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების სქესთან და რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას, მსხვერპლისთვის მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ან ძალადობრივი გარემოს შექმნას”.

„სექსუალური შევიწროებაა არასასურველი, სექსუალური ხასიათის, ვერბალური ან არავერბალური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას, ან განსაკუთრებით მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ან ძალადობრივი გარემოს შექმნას”.

კომიტეტის წევრები არ იზიარებენ იმ შიშებს, რაც გია გაჩეჩილაძემ გამოთქვა.

“ეს რისკიც არის, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც მანიპულირებენ საკითხებით, ამ შემთხვევაში კი არა, ბევრ სხვა შემთხვევაშიც, ჩვენ ვიცნობთ დანაშაულის პროვოკაციის ცნებას სისხლის სამართალში. მაგრამ ეს საფრთხე ყველა საკითხთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს, ეს არ არის ის საკითხი, რომ ამის გამო ეს პეტიცია დაიბლოკოს, მაგრამ კანონი იმდენად უნდა იყოს გამართული იურიდიულად, რომ ყველა ასპექტი იყოს გათვალისწინებული”,- ამბობს კილაძე.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს და არა სისხლის სამართლის:

“ახლა საკითხი დგას აღსრულების მექანიზმებზე, კონკრეტულად რა სანქციები იქნება და პოლიციამ იცოდეს, რომ ეს არის დასჯადი.  ამ შემთხვევაში მნიშვნეოლვანია, პოლიციელმა იცოდეს, რა დროს არის სექსუალური შევიწროება და როგორ იმოქმედოს ასეთ დროს, რომ აღკვეთოს”,- ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი