ძალადობაზე ბრალდებების შემდეგ, რიდლი სკოტის ახალ ფილმში სპეისის სცენებს ჩაანაცვლებენ

სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებების შემდეგ კევინ სპეისის სცენებს რიდლი სკოტის ახალი ფილმიდან ამოიღებენ.  ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. All the Money in the World-ის პრემიერა 22 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მსახიობი თრეილერშიც ჩანდა, თუმცა სპეისის როლზე ქასთინგი ხელახლა გამოცხადაა და მას ფილმში კრისტოფერ პლამერი ჩაანაცვლებს.

მას შემდეგ, რაც სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაანაშაულეს, “ნეტფლიქსმა” სერიალის “ბანქოს სახლი” (House of Cards) დასრულების შესახებ განაცხადა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს სერიალის მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებლის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან. საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიის განცხადებით, სპეისის არც “ემის” სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ. კევინ სპეისისთან თანამშრომლობაზე უარი მისმა აგენტმაც განაცხადა.

მსახიობმა ანტონი რაპმა “ბაზფიდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა სპეისი მასთან არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას 1986 წელს, როდესაც იგი 14 წლის იყო.  ინტერვიუს სპეისმა “ტვიტერზე” უპასუხა და განაცხადა, რომ მას ასეთი ინცინდენტი არ ახსოვს. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი რომც მომხდარიყო, მისი აზრით “ეს ძალიან შეუსაბამო ქცევა მთვრალმა ჩაიდინა”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი