ახალი ამბები

კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს

26 ივლისი, 2023 • 1129
კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს

ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი ლონდონის სასამართლომ სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებაში გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობს ბრალდება მოუხსნეს სექსუალური ძალადობის ცხრა ეპიზოდზე, რომლის ფარგლებშიც მსახიობს ოთხი კაცი ედავებოდა.

64 წლის მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „სუსტი“ იყო.

პირველი ბრალდება სპეისის მიმართ მსახიობმა ანტონი რაპმა წამოაყენა გამოცემა “ბაზფიდისთვის” 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში.

მან აღწერა, თუ როგორ ცდილობდა სპეისი მასთან არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას  1986 წელს, როდესაც რაპი 14 წლის იყო.

კევინ სპეისი ამ საქმეზე ნიუ იორკის სასამართლომ გასულ წელს გაამართლა.

აღნიშნულის შემდეგ სპეისი არაერთმა ადამიანმა დაადანაშაულა ძალადობაში. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ლონდონში იმართებოდა, რაზეც გამამართლეებლი განაჩენი დღეს გამოცხადდა.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ კევინ სპეისი მოხსნეს არაერთი ფილმიდან, მათ შორის, საქვეყნოდ ცნობილი სერიალიდან „ბანქოს სახლი“ (House of Cards).

„ძალიან ნაჩქარევად განმსაჯეს და სანამ პირველ კითხვას დამისვამდნენ და პასუხს გავცემდი, მე რამდენიმე დღეში დავკარგე სამსახური, დავკარგე ჩემი რეპუტაცია, დავკარგე ყველაფერი“, — თქვა სასამართლოზე მსახიობმა.

მან სხდომათა დარბაზი გვერდითა გასასვლელიდან დატოვა, რათა თავი აერიდებინა მედიისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი