ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, ადმინისტრაციულ საზღვართან მოხსნას ნებისმიერი დაბრკოლება

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ნებისმიერ სახის დაბრკოლება ადმინისტრაციულ ხაზთან. ევროკავშირი ასევე მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, ადგილზე სიტუაცია უფრო მეტად უარესდება. ორგანიზაციის ამ განცხადებას  ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია და სან მარინო უერთდებიან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე  გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარომადგენლები, რომლებმაც დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებები.  

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანიც, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მიმოიხილა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის  მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ანექსიაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვაზე და განაცხადა, რომ ეს პროცესი აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, ცხინვალის რეგიონშიც დაიწყო.

გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“  2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.