მჭედლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები საბოტაჟს ეწევიან

იუსტიციის უამაღლესი საჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი ამბობს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები საბოტაჟს ეწევიან და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წერილობით წარმოადგენს.

ეს კომენტარი ვახტანგ მჭედლიშვილმა 6 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, თუ რა სახის მტკიცებულებებზე საუბრობს:

“მე ერთხელ დავაანონსე, ეს იყო გასულ წელს, რომ მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინაშე. მე დღესაც ვიმეორებ, რომ ეს საბოტაჟი გრძელდება და ამ საბოტაჟის შედეგი არის ის, რომ დღეს მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი აღარ არის მოქალაქეებისთვის. მარტო პირველ ინსტანციაში 3-დან 4 წლამდე უწევს მოქალაქეს მართლმსაჯულების მიღება. ეს არის იმ ქცევების შედეგი, რაც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს… საბოტაჟის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს საზოგადოებას მე აუცილებლად წარვუდგენ წერილობითი ფორმით,”- განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ამ საბოტაჟის მიზეზი გავლენის სფეროების მოპოვებაა.

“ეს არის საკუთარი თავების გადარჩენა და შემდეგ უკვე გავლენის სფეროების მოპოვება და ისევე მართვა სასამართლო სისტემის, როგორც მართავდნენ 9 წლის განმავლობაში,”- განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

იუსტიციის უმღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს თავმჯდომარემ მოსამართლე წევრები ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულა, მოსამართლე წევრებმა კი განაცხადეს, რომ გვენეტაძე საბჭოს ერთპიროვნულად მართავს და საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი