ახალი ამბები

ნინო გვენეტაძე ჯერ არ ამბობს, რატომ არ მოაწერა ხელი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ოქმს

6 ნოემბერი, 2017 • 1727
ნინო გვენეტაძე ჯერ არ ამბობს, რატომ არ მოაწერა ხელი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ოქმს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ჯერ არ ამბობს, რატომ არ მოაწერა ხელი 34 მოსამართლის უვადოს დანიშვნის ოქმს.

როგორც დღევანდელ, 6 ნოემბრის სხდომაზე გაირკვა, ნინო გვენეტაძეს არ მოუწერია ხელი 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის ოქმისთვის. ამის გამო იგი მწვავედ გააკრიტიკეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა. წევრები მოითხვდნენ, რომ სხდომის დასაწყისშივე განემარტა ნინო გვენეტაძეს ხელის არმოწერის მიზეზი, თუმცა თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ განმარტებას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ გააკეთებდა.

“შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს თურმე, ულტიმატუმი არის ის, რასაც აკეთებს ქალბატონი თავმჯდომარე ამ შემთხვევაში, როდესაც გვთავაზობს, რომ რაღაც სხვა პროცედურები უნდა გავაროთ თურმე და მერე გვექნება უფლება, რომ დავსვათ შეკითხვა” – აცხადებს საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა კი განაცხადა, რომ გვენეტაძე კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.

34 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ საბჭომ 20 ოქტომბერს გაამწესა. მას შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ნინო გვენეტაძეს შესაბამისი ოქმისთვის ხელი არ მოუწერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი