ცესკო: სამაგიდო სიების დამუშავება არჩევნების დღესაა დაშვებული, შემდეგ აღარ

ცესკოს მტკიცებით, დღეს, 27 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ბრიფინგზე გახმიანებული მოთხოვნა საერთოდ აცდენილია კანონმდებლობას. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, 27 ოქტომბერს ცესკოდან სამაგიდო სიების გადაცემა მოითხოვა.

“სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არჩევნების დღეს ხელმისაწვდომი იყო როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის აკრედიტებული წარმომადგენლისთვისამასთან, არჩევნების დღის შემდეგ სამაგიდო სიები იმყოფება დალუქულ მდგომარეობაში და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ამდენად, საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შეუსაბამოა კანონთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა.”,- ნათქვამია განცხადებაში. 

21 ოქტომბერს კენჭისყრის მიმდინარეობისას დამკვირვებლები აფიქსირებენ, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებს ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში. ამომრჩევლის ნების კონტროლი მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს. ამ საკითხთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com