კახა კალაძე: თბილისის მერიას საზოგადოებასთან ცუდი კომუნიკაცია ჰქონდა

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ საკრებულოს მომავალ უმრავლესობასთან შეხვედრისას საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმებზე ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის “მესიჯ ბოქსი” ძალიან მნიშვნელოვანია.

კალაძის თქმითვე, რაც წლების განმავლობაში მერიასთან მიმართებაში ხდებოდა, მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში “თავზე აჯდნენ” მერიას, შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძეს ვთხოვეთ განემარტა, რას გულისხმობდა ამ ფრაზაში, რაზეც პასუხად მივიღეთ:

“რაც შეეხება კომუნიკაციას, რაც წლების განმავლობაში იყო საკრებულოს და მერიის მხრიდან, ჩემთვის არ არის მისაღები, ჩემთვის არ არის მისაღები ეს კომუნიკაცია. დიახ, ცუდი კომუნიკაცია იყო იმიტომ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული ქალაქის საკეთილდღეოდ, რომელიც მარტო მოსახლეობამ კი არა, მე დარწმუნებული ვარ, ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმაც არ იცის. ჩვენი პრობლემაა ეს, ზოგადად, არა მხოლოდ მერიის, ზოგადად, მთავრობასაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები, რადგან შესაბამისად ვერ ვახდენთ, მოსახლეობასთან მივიტანოთ ის საქმეები, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაკეთდა. ასე რომ, ამ მიმართულებით ცვლილებებს განვახორიელებთ და სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან ეს პირადად ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის იქნება ძალიან კარგი”,- განაცხადა კალაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com