ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბამ ფაროსანასთან ბრძოლის კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა

10 ოქტომბერი, 2017 • 2559
ხაჯიმბამ ფაროსანასთან ბრძოლის კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ აზიური ფაროსნის საკითხზე, რომელიც ადგილობრივ სოფლის მეურნეობას დიდ ზარალს აყენებს, შეხვედრა გამართა.

აფხაზური მედიის ცნობით, ხაჯიმბამ მთავრობას აზიური ფაროსნის წინააღმდეგ საბრძოლველად და ქიმიური ნივთიერებების შესაძენად თანხის გამოყოფა შესთავაზა. ხაჯიმბას განცხადებით, “აუცილებელია ყველაზე ეფექტური პრეპარატის დადგენა მავნებლების გასანადგურებლად”.

“ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ მასიურად შევუტიოთ დასახლებულ ადგილებს და ფაროსანასთან ერთად სასარგებლოც გავანადგუროთ. აუცილებელია, ფაროსანასთან საბრძოლველად ყველაზე ხელსაყრელი დროის განსაზღვრა, ეს არის მისი ლარვის ეტაპი (ინდივიდუალური განვითარების სტადია). აუცილებელია ამ პროცესის მკაცრი მონიტორინგი” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

აფხაზური მხარის განცხადებითვე, აზიური ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიის 80-90%-ზე გავრცელდა. სექტემბერში აფხაზეთში ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ბევრმა ფერმერმა გალში, სომუმსა და გულრიფშის რაიონებში ფაროსნის გამო საერთოდ ვერ აიღო მოსავალი.

ფაროსანასთან საბრძოლველად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, იმ ლოკაციებში, სადაც მავნებელი დიდი ოდენობითაა გავრცელებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი