ახალი ამბები

სააგენტოს პასუხი ბაღის დირექტორების მონაწილეობაზე კალაძის მხარდამჭერი სიების შედგენაში

5 ოქტომბერი, 2017 • 2758
სააგენტოს პასუხი ბაღის დირექტორების მონაწილეობაზე კალაძის მხარდამჭერი სიების შედგენაში

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა უარყოფს, რომ ბაღების დირექტორები კახა კალაძის მხარდამჭერების სიებს ადგენენ, რის შესახებაც “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება საუბრობს.

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების 170-მდე დირექტორს სთხოვენ, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის სასარგებლოდ 100-დან 200 მხარდამჭერამდე სია შეადგინონ და ბაღების სააგენტოს მიაწოდონ.

ბაღების დირექტორებმა ახლობლების და თანამშრომლების დახმარებით მოაგროვეს სია და სააგენტოში წარადგინეს. მონიტორის ინფორმაციით, ეს დავალება ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ როდესაც მათ რამდენიმე ბაღის დირექტორს დაურეკეს ბაღების სააგენტოს სახელით და ჰკითხეს, მოაგროვეს თუ რა მხარდამჭერთა სია, ისინი თანხმობას აცხადებენ.

თუმცა, როდესაც შემდეგ დაურეკეს სტუდია მონიტორის ჟურნალისტის სახელით, ბაღების დირექტორებმა უარყვეს სიების შეგროვება.

“კი, მივიტანე მაშინ. მარიკასთან მივიტანე დაზუსტებული სია. ერთში [სიაში] იყო 105 და მეორეში- 10. [ნამდვილად მხარდამჭერები არიან]”, – ამბობს ერთ-ერთი დირექტორი.

“ცესკოთი დაზუსტებული, იმაზე მეტი [მივიტანე], რაც მოგვთხოვეს. ალბათ, ერთი 130 კაცი, იმიტომ, რომ ჩემი ქალიშვილი გადის, პროპორციულ სიებშია და ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, ვეხმარები ყველანაირად”, – ამბობს მეორე დირექტორი.

“ჩემთან ყველაფერი ნორმალურად არის, ჩემთან არის ყველა მხარდამჭერი. ჩვენ ახალი გახსნილები ვართ, მე არც მჭირდება აქ ეს სია. ბატონ ნიკას დაელაპარაკებით, იცის, ახალი ბაღია, ყველა ჩვენი კოორდინატორია და ყველა ჩვენი მხარდამჭერია”, – განაცხადა მესამე დირექტორმა.

“ნეტგაზეთი” ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორს, თემურ თორდინავას დაუკავშირდა, რომელი არ ადასტურებს, რომ ბაღების სააგენტო საარჩევნო პროცესში ჩართულია.

“მე ვუყურე აღნიშნულ სიუჟეტს, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის დავალება არასოდეს გაცემულა სააგენტოდან და არც გაიცემა. ჩემი პირველი შეფასება არის ის, რომ აღნიშნული სიუჟეტიდან არ ჩანს, რომ ეს არის ბაღის თანამშრომლები და ბაღის დირექტორი”, – ამბობს თორდინავა.

კითხვაზე, თუ დაინტერესდება საკითხის გარკვევით, რომელი ბაღის დირექტორები არიან ისინი, სააგენტოს დირექტორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ სააგენტოში არ შესულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი ბაღის დირექტორს ამ თემაზე ესაუბრა.

“მე ნამდვილად ვერაფერს ვერ გავარკევ იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, ვინ ვის ესაუბრა. ჩვენთან ინფორმაცია მსგავს თემაზე არ შემოსულა. მოქალაქე მოქალაქეს ესაუბრება ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, მე ეს შეფასება გამოვიტანე. შესაბამისად, პასუხი ჩემი ეს არის”, – განაცხადა თემურ თორდინავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი