სააგენტო: კუმურდოში აღმოჩენილი ძვლები ეკლესიის გარეთ დასვენდება

დღეს, 30 სექტემბერს კუმურდოს მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა პოლიციას, რომელმაც არ მისცა საშუალება კუმურდოს ტაძრის ეზოში შესულიყვნენ და ქვაჯვარი დაედგათ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ პოლიციას ქვები დაუშინეს, ადგილზე მისული იყო სპეცრაზმიც.

ეკლესია, სადაც მრევლს საფლავზე ჯვრის დადგმა სურდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კუმურდოში ჩასული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა.

არის თუ არა სადავო კუმურდოს ტაძარი სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის და რატომ არ შეუშვეს იქ კუმურდოს მოსახლეობა?

კუმურდოს ეკლესიაში სარესტავრაციო პროცესი მიმდინარეობს და ვცდილობთ ბევრი მომნახულებელი არ იყოს, რომ პრობლემები არ შეიქმნას. ხარაჩოებია, იხერხება ქვა და ასე შემდეგ. დაცვის პოლიცია იცავს ეკლესიას, იქ მოწყობილია მთელი ინფრასტრუქტურა ტაძრის რესტავრაციისთვის. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და დაცვის პოლიციის საშუალებით ვიცავთ ობიექტს.

[კუმურდოს ტაძარი] ქართული ხუროთმოძღვრების ქრესტომათიული ძეგლია, მნიშვნელოვანი არქიტექტურის, მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული. 964 წელსაა აშენებული, ლეონ აფხაზთა მეფის პერიოდში დაწყებული, ქართული წარწერებით, ქართული ორნამენტებით.

აქ გაუგებრობა იყო აღმოჩენილ ძვლებთან დაკავშირებით, ქვის დადგმის გარდა აქ სხვა საკითხი არ ყოფილა.

რატომ გადაწყვიტა მრევლმა, რომ დაედგათ ქვაჯვარი?

შარშან, არქეოლოგიური სამუშაოების დროს, აღმოჩნდა ძვლები და  ვვარაუდობთ, რომ ეს ძვლები არის წინა საუკუნეში დახვრეტილი ადამიანების. საბჭოთა ხელისუფლებას [პირველ ეტაპზე] ახასიათებდა მიდგომა, რომ ისინი ხვრეტდნენ საკულტო ნაგებობებთან ადამიანებს, ამიტომ ძვლები დროებით დაიკრძალა, არქეოლოგიური კვლევა უნდა გაგრძელდეს.

შევარჩიეთ გალავნის გარეთ კონკრეტული ადგილი, სადაც უნდა დასვენდეს ძვლები და გაკეთდება შესაბამისი მემორიალი. აქ რაღაც გაუგებრობა იყო. ეტყობა, ჰგონიათ, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვუვლით. პატივი იქნება მიგებული ამ ძვლებისადმი. სიმართლე გითხრათ, არც გვაინტერესებს მათი წარმომავლობა, რადგან საბჭოთა პერიოდში ადამიანებს რომ ხვრეტდნენ განურჩევლად ყველა ერისა, ისე იხვრიტებოდნენ. შეიძლება იქ ქართველიც იყოს, ხომეხიც იყოს და სხვა ეროვნების ადამიანიც.

როდის აღმოაჩინეს ნამარხი?

შარშან. 1970-იან წლებში, როდესაც რესტავრაციის განზრახვა ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას, ამ ტერიტორიაზე ტრაქტორმა იმუშავა, რაც ნიშნავს, რომ მთელი ტერიტორია მიხვეტილი იყო ტრაქტორით. გადავწყვიტეთ, რომ წესის დაცვით მოგროვებულიყო ეს ძვლები ერთ ადგილას და დაგვეკრძალა. შემდეგ კიდევ აღმოჩნდება, რადგან არ შეგვისწავლია არქეოლოგიურად ეს ტერიტორია, სადაც შევარჩევთ ადგილს. შემდეგ აღმოჩენილი ძვლებიც ერთად მოიყრის თავს.

ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია, არ გვაქვს ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი, რომელსაც არქეოლოგის გარეშე ვერ გავაკეთებდით. არქეოლოგმა უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი დავდოთ და შემდეგ უკვე განვახორციელოთ.ეს ყველაფერი

გასულ საუკუნეში დახვრეტილი ადამიანების ძვლები რომ არის, საიდან იცით?

აღმოჩენილია ტყვიით დახოცილი ადამიანების ძვლები. ისეთი ტყვიები და მასრებია აღმოჩენილი, რომლებიც მეოცე საუკუნეში გამოიყენებოდა.

რაზე არიან თანახმა კუმურდოელები?

[კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში] არავის არ აქვს ნებართვის გარეშე რაიმეს დადგმის უფლება. ამას პროცედურები სჭირდება.

ამ წუთისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ჩამოვალ დაახლოებით 10 დღეში იმ კონკრეტულ ადგილზე, რომელიც შერჩეული გვაქვს, დავილაპარაკებთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ გასარკვევია პროცედურები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com