ანდრეი შევჩენკომ ვარსკვლავების მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია და კახა კალაძის სასარგებლოდ უკანონო აგიტაციაში მიიღო მონაწილეობა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ვიდეო ▶ ანდრეი შევჩენკომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესები დაარღვია – საია

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ საქართველოს საარჩევნო კანონი დაარღვია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისთვის (ISFED) თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატს ურჩევდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში არ ეთამაშა. თუმცა, იურისტების რჩევის მიუხედავად, კახა კალაძემ მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.

ვარსკვლავების მატჩის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა კახა კალაძეს იურისტების განცხადებებზე კომენტარი სთხოვა, თუმცა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა ორი თითის აწევით სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ “მოკითხვა” შეუთვალა, რამდენიმე წუთში კი, მისმა მეგობარმა ანდრეი შევჩენკომ საქართველოს საარჩევნო კანონი და წინასაარჩევნო აგიტაციის წესები დაარღვია.

“დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ, რომელიც გუშინ იუბილარი იყო და დაბადების დღე კახა კალაძესთან ერთად აღნიშნა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. საიაში განგვიმარტეს, რომ ანდრეი შევჩენკოს ქმედება წარმოადგენდა უკანონო აგიტაციას.

უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოიკეთა, როდესაც 2016 წლის 24 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იმ დროისთვის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის ქალაქ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩაერთო. 2016 წელს საიამ აღნიშნული ფაქტი საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციით, ვარსკვლავების თამაშზე 301 ათასი ლარი, ხოლო საქართველო-ირლანდიის მატჩზე 102 ათასი ლარი შეგროვდა. ფედერაციის ცნობით, ორივე თამაშიდან შემოსული 403 ათასი ლარი სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს. ვარსკვლავების მატჩის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.