ახალი ამბები

რა დარღვევებს გამოიწვევს კალაძის ვარსკვლავურ მატში მონაწილეობა – ISFED-ის შეფასება

29 სექტემბერი, 2017 • 2966
რა დარღვევებს გამოიწვევს კალაძის ვარსკვლავურ მატში მონაწილეობა – ISFED-ის შეფასება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოების” (ISFED) შეფასებით, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მონაწილეობა მრავალ რისკს შეიცავს და მოუწოდებს კანდიდატებს, თავი შეკავონ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიშა ბენიძის თქმით, თუ მატჩის აფილირება საარჩევნო აგიტაციასთან მოხდება, შესაძლოა არაერთ დარღვევას ჰქონდეს ადგილი. ბენიძის თქმით, შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, შესაძლოა დაირღვეს აგიტაციის წესები, რადგან მატჩშში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას:

“აქ არის რამდენიმე დარღვევის საფრთხე. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მატჩის მიმდინარეობა. ერთი მხრივ,  იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება იმ კუთხით, რომ ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ადამიანური რესურსიც, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს ამ ღონისძიების ორგანიზებაში ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. ესეც შეიძლება იქნას აღქმული, როგორც ადმინისტრაციული რესურსი. თუმცა, ამის გარდა, ამ მატჩში არის ასევე საფრთხე, რომ აგიტაციის წესები დაირღვეს და უკანონო შემოწირულობის სახე მიიღოს ამ მატჩმა.

პირველ რიგში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა. ამდენად, ის ფეხბურთელები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მონაწილეობენ აგიტაციაში. ეს არის დარღვევა. გარდა ამისა, თუკი ეს საფეხბურთო მატჩი აფილირდება, როგორც საარჩევნო აგიტაცია, შესაძლოა, ეს ასევე წარმოადგენდეს უკანონო შემოწირულობას და ძალიან ბევრ რისკს შეიცავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ნერბისმიერ კანდიდატს, ზოგადად საქველმოქმედო ღონისძიებებში და საქველმოქმედო საქმიანობაში ნუ მიიღებენ მონაწილეობას” – ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.


29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. თამაში დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). ფედერაციის განმარტებით, ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

კახა კალაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ მას სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტავენ, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევს, თუმცა კახა კალაძე ხვალ მაინც ითამაშებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი