ახალი ამბები

ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობით კალაძე კანონს დაარღვევს – საია

19 სექტემბერი, 2017 • 5716
ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობით კალაძე კანონს დაარღვევს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე 29 სექტემბერს “დინამო არენაზე” დაგეგმილ მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში შესაძლო მონაწილეობით კანონს დაარღვევს.

თავად კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღებს აუცილებლად ამ მატჩში მონაწილეობას, რადგან ფეხბურთი მისთვის ყველაფერია და თუ რაიმე წარმატებას მიაღწია, ეს სწორედ ამ სპორტის სახეობის დამსახურებაა. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო მატჩში, რადგან საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. სავარაუდოდ, მას უთხრეს, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობით კანონს არ დაარღვევს.

როგორც საიას პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, კანონი შესაძლოა დაირღვეს იმიტომ, რომ სავარაუდოდ ეს იქნება უკანონო აგიტაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, ხოლო ნებისმიერი საჯარო მოქმედება ხელს უწყობს კანდიდატის არჩევას. გარდა ამისა, ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.

ირმა პავლიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს უკანონო შემოწირულებადაც, ვინაიდან ფეხბურთის ფედერაცია არის ააიპ-ის ფორმით დაფუძნებული:

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, ააიპს აკრძალული აქვს შემოწირულობის განხორციელება. ასევე, კიდევ ერთი საკითხია ის, რომ ფედერაციის წესდების მიხედვით, ის უნდა იყოს ნეიტრალური და აპოლიტიკური.”

კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე გავლენა იმ ფაქტს, რომ შეხვედრა ქველმოქმედების მიზნით იმართება, პავლიაშვილი გვპასუხობს, რომ არა, რადგან მატჩში მერობის კანდიდატი გეგმავს მონაწილეობას. იურისტის განმარტებით, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის კანდიდატის არჩევას, საარჩევნო კანონმდებლობით, შეფასდება როგორც არჩევნებში ჩარევა. ამ შემთხვევაში კალაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად თამაშს აპირებს, რაც არის კანდიდატის რეკლამირება: “იგი – მერობის კანდიდატი – ვარსკვლავი”.

29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. თამაში 21:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტოტი, ძანეტი, შევჩენკო, ბაჯო, კრესპო, კოსტაკურტა, პუიოლი, რივალდო, დიდა და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები. კახა კალაძის განცხადებით, მას ფეხბურთის ფედერაციამ სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. ფოტო - CC | კოლაჟი: ნეტგაზეთი

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. ფოტო – CC | კოლაჟი: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი