ახალი ამბები

ანზორ ჩუბინიძე “ციანიდის საქმეზე” ბრალდებას პასუხობს

26 სექტემბერი, 2017 • 5704
ანზორ ჩუბინიძე “ციანიდის საქმეზე” ბრალდებას პასუხობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სოსო ოხანაშვილს ჩემოდნის გახსნამდე მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძეს ციანიდი ჰქონდა. ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბარში დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სასამართლოზე ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ 10 თებერვალს, თბილისის დროით 11:00 საათზე ბერლინში მყოფმა ანზორ ჩუბინიძემ მიაწოდა ინფორმაცია ციანიდის თაობაზე, ბრალდებული სასულიერო პირის ჩემოდანი კი, ოფიციალური ინფორმაციით, 16:00 საათზე გაიხსნა.

“საიდან იცოდნენ, ციანიდი რომ ჰქონდა, თუ მაგათ არ ჩაუდეს?”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია სასამართლოზე არ ამხოლოდ ოხანაშვილმა, არამედ პატრიარქის დაცვის სხვა თანამშრომლებმაც დაადასტურეს. მიხეილ რამიშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა გამოძიებამ ვერ წარმოადგინა დეკანოზის მხრიდან ციანიდის შეძენის მტკიცებულება, საინტერესოა, საიდან იცოდნენ წინასწარ, რომ ჩემოდანში ციანიდი იდებოდა. დეკანოზ მამალაძის ადვოკატების პოზიციაა, რომ ციანიდი სასულიერო პირს ჩაუდეს.

ნეტგაზეთი ესაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც ადასტურებს, რომ 10 თებერვალს მართლაც ესაუბრა სოსო ოხანაშვილს, თუმცა, ჩუბინიძის თქმით, მას ოხანაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს. მეტიც, ჩუბინიძის მტკიცებით, იმ მომენტში, როდესაც ის ოხანაშვილს ესაუბრებოდა, დადასტურებული ინფორმაცია დეკანოზის დაკავების შესახებ ბერლინის კლინიკაში  არ ჰქონია.

“მე მქონდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგისთან და ციანიდთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობდა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის ჩანთაში ციანიდი აღმოჩნდებოდა [და მე ეს ოხანაშვილს ვუთხარი], ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ჩავედი გერმანიაში, მოვინახულე სოსო და ვუთხარი, რომ მამა გიორგისთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პერიოდისათვის მამა გიორგი უკვე დაკავებული იყო. მაგრამ იქ ჩხრეკისას რა ექნებოდა, მე ვერ ვიტყოდი. ის კადრები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ნახა, მე ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა. ეს ვუთხარი სოსოს. მე ვურჩიე, რომ გამოჰყოლოდა თვითმფრინავს, ჩამოსულიყო საქართველოში და მაქსიმალურად დახმარებოდა გამოძიებას სიმართლის დადგენაში. ეს საუბარი გვქონდა მე და სოსოს.  მე ამას უბრალოდ ვერ ვეტყოდი, არ მქონდა ინფორმაცია. თუმცა ამ განზარახვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რა აღმოჩნდებოდა –  არა. ალბათ, სოსოც ამას გულისხმობდა”, – თქვა ჩუბინიძემ ნეტგაზეთთან.

ანზორ ჩუბინიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო დასტური მისი დაკავების შესახებ არ მიუღია, რადგან ეს მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავში იჯდა. ჩუბინიძის თქმით, ინფორმაცია ციანიდის საქმის შესახებ იმ დღე,ს ანუ 10 თებერვალს მიიღო, როდესაც გერმანიაში მისი გამგზავრება გადაწყდა.  მისი დავალება იყო, ჩასულიყო ბერლინში, იმ კლინკაში, რომელშიც პატრიარქი მკურნალობდა, ადგილზე გაერკვია ვითარება და შეექმნა უსაფრთხო გარემო.

ჩუბინიძეს ვკითხეთ, ვისი მოკვლა იგეგმებოდა, ილია მეორის თუ სხვა პირის, მაგალითად, შორენა თეთრუაშვილის ან ქორეპისკოპოს იაკობის? ის ამბობს, რომ ეს არ დაკონკრეტებულა.

“ჩემი მთელი დავალება იყო უსაფრთხო გარემოს შექმნა, ვისთვისაც საჭირო იქნებოდა ეს, იქნებოდა ეს პატრიარქი, ქალბატონი შორენა, მეუფე იაკობი თუ სხვა ვინმე”, – ამბობს ჩუბინიძე.

მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ არსებობდა იმ დღეს გარკვეული ეჭვები სოსო ოხანაშვილზეც, პატრიარქის დაცვის იმდროინდელ უფროსზე?

“არავითარი… ვერ ვიტყვით, მით უმეტეს, მე არ მაქვს მაგის საფუძველი. თუ რაიმე ეჭვებია, ეს სხვა ორგანომ უნდა თქვას. სოსოზე არავითარი ეჭვები, პირიქით, მაშინ მე თვითონ ვთხოვე სოსოს, რომ დახმარებოდა გამოძიებას”.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ანზორ ჩუბინიძე არ დაკითხულა. მიხეილ რამიშვილის თქმით, სოსო ოხანაშვილმა შესაბამისი ინფორმაცია არსებით სხდომაზე გაახმოვანა, როცა მხარეებს მოწმეების დასახელება აღარ შეეძლოთ. თუმცა ეს ხომ იყო ახლად გამოვლენილი გარემოება? მიხეილ რამიშვილის აზრით, ჩუბინიძის დაკითხვა პროკურატურას უნდა მოეთხოვა და გაექარწყლებინა ყველა ეჭვი. სხვა შემთხვევაში, როცა გარემოება არ მტკიცდება, ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი