ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის საკითხს სინოდი არ განიხილავს – მიტროპოლიტი

21 ოქტომბერი, 2019 • 1245
დეკანოზ მამალაძის საკითხს სინოდი არ განიხილავს – მიტროპოლიტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, მიტროპოლიტი იოანე “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ. მიტროპოლიტი ეჭვქვეშ აყენებს იმასაც, რომ დაკავებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

“სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს. იყო თავის დროზე განხილული და როცა გამოძიება დაიწყო, პატრიარქმა თქვა, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას. უკვე ერთხელ იყო საუბარი, რომ მძიმეა მისი მდგომარეობა და გადაყვანილია საავადმყოფოში, მაგრამ ჩვენ როცა გავესაუბრეთ ექიმებს, გვითხრეს, რომ არც ისე მძიმეა მდგომარეობა, როგორც იყო ეს წარმოჩენილი”, – უთხრა მიტროპოლიტმა “რუსთავი 2-ს”.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა.

მანამდე, რამდენიმე კვირის წინ, დეკანოზ მამალაძის საკითხზე განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა. საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში მამალაძის მხრიდან სიმულაციაზე მიანიშნებდა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

დაკავებულის ძმა აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი